ზღვის ქალიშვილი


მე ევა ვარ…
ევა.
ქალი, რომელიც სამოთხიდან დაბადებამდე გამოაძევეს.
მე იქ არასოდეს მიცხოვრია, არცერთი წუთით.
ჩემს ცხოვრებაში არსებული ბედნიერი მოვლენებიც კი წამის კუთვნილება იყო და წამთა მიმოსვლასვე გაჰყვებოდა ქარივით.
ჩემი ცხოვრების განვლილი გზა ჯოჯოხეთისა და სამოთხის ამქვეყნიურ გასაყარზე გადიოდა, რომელსაც ხშირად თან სდევდა ეშმაკისეული ცდუნებები, თუმცა მე ყველა ამქვეყნიური ცდუნების მიღმა დავრჩი იმ თავშეკავების გამო, რომელიც ბუნებამ მარგუნა.
მე ევა ვარ.
და მე მოვკვდი.
მოვკვდი უსხეულოდ.
მოვკვდი თუმცა ისევ შემიძლია ვისუნთქო, ჩემი სხეულიც მოძრაობს, ჩემი გული ფეთქავს, პულსიც მაქვს, მაგრამ…
მოვკვდი, სწორედ მაშინ, როცა უნდა მეცოცხლა…
იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება ორად გაიყო, მანამდე და მის შემდეგ ნაწილებად. იმ დღეს რომ გადავრჩი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სამუდამოდ მოვკვდი, გარდავიცვალე, ფერი ვიცვალე…
მე ის ვეღარასდროს ვიქნებოდი რაც მანამდე ვიყავი და აღარც ვყოფილვარ ისეთი, მას შემდეგ აღარ მიცხოვრია არცერთი წუთი სევდის გარეშე. ის არ მტოვებდა მარტოს და მეც ვერ დავაღწიე თავი მას, თუმცა ყოველთვის მინდოდა ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი, რომელიც მასშტაბით სქელტანიან წიგნსაც აჭარბებდა ისე გადამეშალა და დამეკუწა, რომ მისგან ცეცხლში დაწვის შემდეგ ფერფლიც არ დარჩენილიყო.
სამწუხაროდ, ცხოვრება ასეთია, არაფერი არ ხდება ისე ადვილად, როგორც ადამიანს სურს. ამბობენ ბედისწერას თავად ადამიანი ქმნისო, ზოგი უფალს მიაწერს მის შექმნას, არ ვიცი ჭეშმარიტება სადაა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ადამიანი ბევრ მოვლენას თავის სიცოცხლეში თვითონ არ ირჩევს, ის დაბადებიდან თითქოს თავისუფალი, მაგრამ პირველივე წუთიდან უფლებებდაკარგულია, ის პირველ არჩევანსაც არ აკეთებს თვითონ, არამედ წინასწარ დაწესებული, უკვე განსაზღვრული წესისამებრ, მისთვის შერჩეულია მშობლები, და-ძმა, სახლი, სადაც უნდა იცხოვროს და დაბადება, ახალ სამყაროსთან მისდაუნებურად შეხვედრა.
ამ ფურცლებზე სრული თავისუფლებით ვეცდები, ყველაფერი ღრმად და გულწრფელად მოვყვე, როგორც ზღვასთან, ლურჯად მოლივლივე ტალღებთან საუბრისას. ზღვასთან, რომელიც ერთ დროს ჩემი ერთადერთი და ყველაზე სანდო მეგობარი გახლდათ.
ზღვას შეუძლია იყოს ძალიან საშიში, დაუნდობელი, თუმცა ის ამავედროს ძალიან ეხმარება ადამიანს გადააქციოს მისგან წამოსული უსაზღვრო სევდა მის უსასრულობაში მოქცეულ წვეთ არარაობად.
არცერთ ადამიანთან არ მიგვრძნია თავი ისე კარგად, როგორც ბუნების ამ ყველაზე ცოცხალ ორგანიზმთან, რომელიც ხასიათს ხშირად იცვლის. ხან ყვირის, ხან მშვიდია, ხან ტირის, ხანაც ისეთია, რომ სიტყვებისთვის ძნელია გამოხატონ მისი მდგომარეობა და რაც მთავარია გულწრფელია. მას თანაგრძნობის უნარიც აქვს, ისე როგორც ცხოველს, მაგალითად ძაღლს, რომელიც საშიშთან ერთად შეიძლება ძალიან კეთილიც იყოს.
ყველაფერში მიზიდავდა ეს ორი უკიდურესობა, ყოფილიყო, რაღაც ძალიან საშიში და ამავედროს ძალიან პოზიტიური, სწორედ ასეთი იყო ბევრი რაღაც და ვიღაც ჩემს ცხოვრებაში. რაც მთავარია ეს საშიში ჩემთვის საინტერესოდ გადაიქცეოდა და შიშის გაელვებაც კი არ მქონია ამის გამო. თუმცა როგორც ყველას მეც მეშინოდა, მეშინოდა იმის რა პასუხიც იმ დღემ არგუნა, ჩემს ცხოვრებას, რის გამოც ისეთი ვეღარ ვიქნებოდი, როგორიც მანამდე.
არც ისე დიდხანს მიცხოვრია, მაგრამ იმდენი რამ განმიცდია, რომ ვფიქრობ არაფერი გამაოცებს და დამასევდიანებს ისე, როგორც უკვე ჩავლილი და წარსულად ქცეული მოვლენები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ჩემსგან დამოუკიდებლად შემოიჭრა, განმგმირა და გაუჩინარდა.
ხანდახან ყოველი წამი ამაოა.
ამაოა ფიქრიც
ფიქრი, ფიქრი, ფიქრი…
კითხვები ???
მაგრამ პასუხები არსად არ ჩანს და არც პასუხის გამცემია ვინმე.
მოთმინებაა საჭირო და თავად ცხოვრება გაგვცემს პასუხებს ყველაფერზე…
მაგრამ ზოგჯერ იმდენად სულსწრაფები ვართ, არ გვინდა დაველოდოთ ცხოვრებას და გვსურს წინასწარ განვსაზღვროთ ის ან ვინმემ განგვისაზღვროს.
რამდენიმე ჩემს მეგობარს ასეთმა მოუთმენლობამ შეაწუხა და წინასწარმეტყველებთან სიარულს მიჰყეს ხელი, მაგრამ მე ცდუნების მიღმა დავრჩი, იმიტომ რომ სულ არაფერი, რომ არ მჯეროდეს ქვეყნად, უფლის არსებობის მრწამს და იმის, რომ არავის სძალუძს გამოიცნოს უფლისგან განსაზღვრული ჩვენი ცხოვრების გზა.
წლების წინ, ვფიქრობდი, რომ ის ყველაფერი, რაც ჩემს თავთან ხდებოდა, თუ მართლაც უფლის ჩარევით იმართებოდა, ესე იგი მას არ ვუყვარდი. ყოველი ცრემლი, რომელიც ჩემს ღაწვებზე ეცემოდა, სწორედ ამის გამოხატულება მეგონა. თუმცა, ვნახე ადამიანები, რომლებთან შედარებით მე უკეთესი ბედი მარგუნა ღმერთმა, არსებობენ ისეთებიც, ვინც ჩემზე გაცილებით უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ არასდროს არ მქონია სურვილი, ვინმეს როლში შევჭრილიყავი, რაიმე უპირატესობის ქონის გამო. მე ყოველთვის ჩემთვის განსაზღვრული და სამყაროსგან გამეტებული „ლუკმა“ მინდოდა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მოთმინებით დაველოდებოდი.
ახლა კი ვეცდები ყველაფერი ეს გავაცოცხლო და ჩემი ცხოვრების ნაწილებად თქვენც გაქციოთ, თქვენი როლი თავად განსაზღვრეთ თუმცა წინასწარ განსაზღვრულია ისიც, რომ მხოლოდ შემფასებლის, მეგობრის, მაყურებლის როლი შეიძლება გერგოთ იმ ისტორიაში, რომლის მოყოლასაც ვაპირებ.

და აი ასე მარტივად, იყო და არა იყო რა…
იყო ერთი გოგონა, რომელიც ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა.
ზღვას მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა, თითქმის თანაბრად იყო ზღვისა და ხმელეთის ნაწილი, ამიტომაც მას „ზღვის ქალიშვილსაც“ უწოდებდნენ.
გოგონა ერთადერთი ქალიშვილი იყო ოჯახში, ვაჟებთან ერთად. მშობლები მუდამ მათ გვერდით იყვნენ.
გოგონა თანატოლებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა ამ განსაკუთრებულობას ვერასოდეს შენიშნავდა უცხო თვალი, რადგან გამორჩეულობა არ იყო ფიზიკურად გამოხატული.
ერთი შეხედვით, ის იყო ჩვეულებრივი ბავშვი, როგორც მისი თანატოლები, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო გაცილებით ტევადი, დიდი და ღრმა იყო ვიდრე, სხვა მოზარდი გოგო-ბიჭებისა. ეს გამორჩეულობა გოგონას ხშირად ბოჭავდა, მას სამყაროსგან განცალკევებულ უცხოპლანეტელად აქცევდა, რომელიც მაინც ამ სამყაროს მუდმივ ნაწილად რჩებოდა. სადაც ყველას შეეძლო გაეცინა, გოგონა ღიმილის მიზეზსაც ვერ პოულობდა და პირიქით, მისი საწუხარი, შეიძლება სხვებისთვის ყოფილიყო სამხიარულო.
მოკლედ, ძნელი იყო მისთვის ეპოვა თავისნაირი ადამიანი, ვინც მისი თანამოაზრე, მეგობარი, მოსაუბრე იქნებოდა, თუმცა როგორც ყველა ადამიანს ალბათ ამ ცხოვრებაში, მასაც ჰყოლია ირგვლივ უამრავი ნაცნობი, ახლობელი, მეგობარი, მაგრამ მათგან განსაკუთრებულს მხოლოდ ერთხელ შეხვდა.
მას სახელი არ ჰქონდა, არც სქესი, რადგან გოგონას სჯეროდა, რომ მეგობრობას არ შეიძლება ჰქონდეს სქესი. შეგიძლიათ თავად შეურჩიოთ მას სახელი და დაარქვათ ის, რაც თქვენთვის უფრო ძვირფასთან და ახლობელთან ასოცირდება, მე კი მას მოვიხსენიებ, როგორც მეგობარს.
ევა გაიზარდა, დადგა მის ცხოვრებაშიც ყმაწვილქალობის ეტაპი…
ევა და მეგობარი სულ ერთად იყვნენ.
ევა ესაუბრებოდა მას თავის სურვილებზე, მეგობარი კი თავის ამბებზე, ოცნებებსა და მიზნებზე უყვებოდა. ისინი ერთად სეირნობდნენ ზღვის სანაპიროზე დიდხანს და ზღვის საამო სურნელით ტკბებოდნენ. ისეთ ადგილს გამოძებნიდნენ, სადაც არ იყო ადამიანის ჭაჭანება. მშვიდად საუბრობდნენ ზღვის მელოდიური, მშვიდი ხმაურის ფონზე.
ევა ძალიან გულჩათხრობილი ადამიანი იყო. მისი ხშირად ოჯახის წევრებსაც არ ესმოდათ. მას შეეძლო უბრალოდ სხვისი პრობლემების გამო ყოფილიყო სევდიანი. მაგალითად, ძალიან სწყინდა ღარიბი ბავშვის ხილვა, აუცილებლად შენიშნავდით მის თვალებში ჩაგუბებულ ცრემლს, რომელიც ლამობს თვალის გუგიდან ამოხტომას, თუმცა თითქოს ერიდება. მეგობარიც მის მსგავსად გულისხმიერი და მგრძნობიარე იყო. მათ ერთად ხშირად უტირიათ სამყაროში მომხდარი უბედურებების გამო, რომლებიც მათ მიღმა ხდებოდა, თუმცა ისინიც განიცდიდნენ…
განცდების ზღვა მაშინ დაიწყო, როცა ყმაწვილ ქალს პირველი გრძნობები ეწვია, ეს იყო სკოლის ასაკში. თაყვანისმცემლები როგორც ყველა გოგონას, მასაც ჰყავდა, მაგრამ ევა იმდენად ზომიერი, თავდაჭერილი, მიუკარებელი იყო, რომ მსგავს ურთიერთობებს სულ გაურბოდა.
ერთხელაც მის გულს ამურის ისარი მოხვდა და შემუსრა…
ევა დაიჭრა…
მოიწამლა ამ სენით, თანაც დიაგნოზი ძალიან მწვავე იყო.
სენი სამუდამო და განუკურნებელი აღმოჩნდა…
ევას ერთი ნახვით შეუყვარდა ის.
კაცი, რომელსაც ადამი უწოდა თავისმა მშობელმა.
ადამი ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი იყო, ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანის შვილი, როგორც ევა.
ისინი სამოთხეში არ ცხოვრობდნენ, მეტიც სამოთხიდან პირდაპირ დედამიწაზე გადმოასახლეს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს…
ევას გრძნობები გაუმხელელი იყო, მხოლოდ უსახელო მეგობარმა იცოდა ამის შესახებ. ის კი საიდუმლოს საგულდაგულოდ ინახავდა.
ევა არც ფიქრობდა ადამისთვის გრძნობის გამხელას. ევა ხომ ქალია, ქალი, რომელიც მამაკაცის მორჩილი უნდა იყოს, ქალი, რომელსაც უფლება არ აქვს უყვარდეს თუ არ უყვართ. ქალი, რომელსაც არ შეუძლია მამაკაცს გრძნობაში გამოუტყდეს, მას მხოლოდ იმის უფლება აქვს უპასუხოს სიყვარულს. თავად ვერ იქნება სიყვარულის მომთხოვნი მხარე. ასეთი იყო მის ირგვლივ გამეფებული აზრები, რის წნეხის ქვეშაც მოექცა ევას გრძნობები სამუდამოდ.
ევა ასეთია, სხვანაირი, ცოტათი უცნაური. თუ მეტყველი მზერა გაქვთ, როცა ნახავთ უმალ შეატყობთ, რომ ის ამქვეყნიური არააა, ამქვეყანაზეა, მაგრამ არაამქვეყნიური. შესაძლოა სამოთხიდან გამოძევებულიც მოგეჩვენოთ, რომელიც თითქოს აქ, ამ ქვეყანაზე არსებობს და თან არ არსებობს, ის გახლეჩილია ფიზიკურ და სულიერ არსად. მისი ფიზიკური ნაწილი ამ სამყაროს კუთვნილებაა, სულიერი კი თავის ადგილს ჯერ კიდევ ვერ პოულობს.
ევას გრძნობები ანგრევდა მას, თავშეკავება აღონებდა. ევამ არც იცოდა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა, რომ მის გრძნობებს ფრთა შესხმოდა და ადამსაც შეჰყროდა ის სენად. ამაზე ფიქრი მას უფრო სევდიანს ხდიდა. ის ძალიან გახდა სევდისგან და ხშირად მისდიოდა გული. თუმცა მიუხედავად ამისა, ევას გრძნობები მაინც დამალული დარჩა ოჯახისათვის, ახლობლებისა და ადამისთვისაც.
მეგობარი ფიქრობდა, რომ უმჯობესი იქნებოდა ევას დახმარებოდა, რომ გათავისუფლებულიყო ამ სენისგან, მაგრამ ევა არ ანებებდა, სთხოვდა საიდუმლოს შენახვას. მეგობარიც დათანხმდა, განა მას რა შეეძლო. ეს ევას პირადი ისტორიაა და ევას უფლებაა, თავად გადაწყვიტოს რა, როდის ან როგორ შეიძლება მოხდეს მის ცხოვრებაში. მეგობარი მუდმივად ჩასჩიჩინებდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა ევა უმოქმედობას ინანებდა. მიუხედავად იმისა, რომ ევაც ასე ფიქრობდა ის მაინც ვერ დგამდა ისეთ ნაბიჯს, რაც შეცვლიდა მის ცხოვრებას და გასცემდა საბოლოო პასუხს მის გრძნობებზე.
ევასგან განსხვავებით ადამი ზედმეტად ამქვეყნიური იყო და არაფრით გამორჩეული. თუმცა ერთი შეხედვით ქალს ადვილად მოხიბლავდა ეს სიმპათიური ახალგაზრდა.
ერთხელაც ერთი თანატოლი მეგობრის წვეულებაზე ადამი და ევა შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ევას გული გამალებით უცემდა, ლამის საგულედან ამოხტომას ლამობდა. თუმცა მაქსიმალურად იკავებდა თავს, ისე რომ მისი ემოციები შეუმჩნეველი დარჩენილიყო ყველასთვის. ევა ფიქრებში ჩაიძირა, მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა მის გვერდით მყოფმა გოგონამ სასმელი შესთავაზა, ევა უარის თქმას აპირებდა, მაგრამ უცებ იქვე ადამი ასხამდა სასმელს და გოგონებს შესთავაზა და დაუსხა. ევას გული გამალებით განაგრძობდა ფეთქვას, ადამმა ერთხელ გაიხედა, მიაწოდა ჭიქა და ნაზად გაიღიმა. ეს ერთადერთი ღიმილია, რომელიც ადამმა ევას აჩუქა და ერთადერთი საჩუქარი, რომელიც ევამ მისგან მიიღო. ამიტომაც ევამ დალევაზე უარი ვერ თქვა.
სასმელი ევას ესიამოვნა, ბოლოსდაბოლოს ის ადამის ხელით მირთმეულ სასმელს სვამდა. ამ დროს ევა იმაზეც კი ფიქრობდა, რომ შეეძლო საყვარელი მამაკაცისგან მოწოდებული საწამლავიც კი დაელია, არათუ ღვინო, მიუხედავად იმისა, რომ ევა ალკოჰოლისგან თავს სულ იკავებდა.
ევასთვის საჩუქარი ნამდვილად არ იყო, ის რაც შემდეგ მოხდა. ძალიან ამქვეყნიური ადამი ღრეობაში მაქსიმალურად ჩაერთო და უზომოდ ბევრს სვამდა. მალევე შეეტყო სიმთვრალეც. ის ღვინის სუნით იყო გაჟღენთილი თავიდან ბოლომდე. ცოტათი არაადეკვატური ადამის ხილვამ ევას სულ შეუცვალა წარმოდგენა ერთ წამში, სრულიად დაიმსხვდა ხატი, რომელსაც წმინდანთა რიგებში ხედავდა ევა, ახლა კი მოკვდავების გვერდით ღრეობის ეშხში შესული ადამი წინ და უკან ირწეოდა და თრობის გამო ვერ ინარჩუნებდა წონასწორობას. ევას არ მოეწონა ასეთი ადამის ხილვა, თუმცა თან ესიამოვნა, იფიქრა იქნებ გულიდან ადვილად ამოვიგდოო, მანამდე განზრახული ჰქონდა მალე გასცლოდა იქაურობას, რომ გული დაემშვიდებინა, თუმცა ვერ შეძლო. მეგობრებიც იქვე იყვნენ, ყველას სურდა დიდხანს მოლხენა. ევას კი ახლა უკვე ერთადერთი რამ სურდა, ენახა ადამის ნამდვილი სახე, რომლითაც არ მოიხიბლებოდა.
და აი იხილა იგიც.
ღვინის სუნით გაჟღენთილი ადამი, უჰაერობამ შეაწუხა და აივანზე გავიდა, მკერდზე ჩახუტებული ღვინის ბოთლით
ამ დროს ევა თავის მეგობარს ესაუბრებოდა აივანზე.
უცებ ყური მოჰკრა ქალის სახელს, რომელსაც ადამი იმეორებდა, ევამ ყურები დაცქვიტა და გული ერთიანად ჩაწყდა. ადამი უცნობი ქალის სახელს იმეორებდა სევდანარევი და ნამთვრალევი ხმით.
აქ დაისვა ამ ღამის წერტილი.
თუმცა ეს არ იყო საბოლოო წერტილი.
ეს ერთ-ერთი იმ წერტილთაგანია, რომელიც ევამ დასვა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ გაგრძელებაც მოჰყვებოდა ამ ყველაფერს მძიმედ გადააკეთა და თხრობა განაგრძო.
ამ ღამეზე ფიქრმა დიდხანს გასტანა, ის ღამეც უძილოდ გათენდა. ევა ძალიან განიცდიდა, რომ ადამი სხვა ქალით იყო შეპყრობილი და მისი გრძნობები ამაო აღმოჩნდა.
თუმცა ევას მეგობარს სჯეროდა, რომ ამ სამყაროში წონასწორობის, ერთიანობის შესანარჩუნებლად შეუძლებელი იყო ადამისა და ევას ცალკ-ცალკე ყოფნა. ევას ხომ ასე ძალიან უყვარდა ადამი. უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, უზომოდ, ენით აღუწერლად, უსიტყვოდ- ეს ის სიტყვებია, რომლებიც მცირედით თუ აღწერს ევას ვნებათაღელვას და განცდებს.
გავიდა ხანი. ევას ცოტათი მიუნელდა ინტერესი. ადამიც გაუჩინარდა. დიდხანს არ უნახავს.
მანამდე არსებული ადამის ხატი, ევას ცხოვრებაში სულ სხვანაირი იყო, ერთმა დღემ კი ევას ძალიან ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი დაანახა, ყველაზე მეტად არასასურველი ჩვევებით, ღრეობის მონაწილე, მთვრალი, იმისგან ბევრად განსხვავებული როგორიც ადრე ეგონა ევას.
– განსაკუთრებული, მომხიბვლელი, მოკრძალებული, თავდაჭერილი…

მაგრამ არა, ადამი ჩვეულებრივი მოკვდავი აღმოჩნდა, ძალიან ჩვეულებრივი…
დაიმსხვრა წარმოდგენები და სიყვარულის სურვილიც, თუმცა ეს ის ნამსხვრევებია, რომლებიც ბევრჯერ შეკოწიწდება მომავალში და ბევრჯერ დაიმსხვრევა, მაგრამ ყოველი მსხვრევა უფრო დიდ სურვილს გააჩენს ევაში ისევ აღადგინოს ის. ევამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელოდება წინ, რამდენ თავგადასავალს უმზადებს ბედი, რომელიც მისგან დამოუკიდებლად დაიწერა.
გავიდა ხანი.
ევა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ემზადებოდა. ის ყოველთვის კარგად სწავლობდა, ამიტომაც ეს ეტაპი მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო. გოგონა ბოლომდე ჩაეფლო სწავლის ამბებში და დროებით დაივიწყა ადამი, თუმცა მცირე გაელვება ყოველთვის ჰქონდა, როდესაც ნაცნობ ადგილებს ჩაუვლიდა, სადაც ადამი ჰყავდა ნანახი. ადამის ნაკვალევი ამ ადგილებზე მის მეხსიერებას არასოდეს მოშორებია და ყოველთვის აკრთობდა, რამეთუ ახსენებდა მის გრძნობებს, რომლებიც ოდნავ მიმქრალიყო.
ხშირად სტუმრობდა ევა და მეგობარი ზღვის სანაპიროს. ერთ-ერთი გასეირნებისას ისინი უსიამოვნო ფაქტის მოწმენი გახდნენ. უფროსი ბავშვები მცირეწლოვან ბავშვს დასცინოდნენ. სათამაშო ბურთს ართმევდნენ და აგდებდნენ. ევამ და მეგობარმა ეს ვერ აიტანეს, ბავშვს მხარში ამოუდგნენ და მოარიდეს უფროსებს. ბავშვი ტიროდა. ობოლი ბიჭუნა ჩაეხუტა ევას და მოუყვა მომხდარის შესახებ. მეგობრებმა მოჰკიდეს ბიჭს ხელი სანაპიროსთან მდგომ კაფეში წაიყვანეს, ფუნთუშები აჭამეს სახლისკენ გააცილეს ბურთით ხელში და მერე უკან დაბრუნდნენ დიდი ხნის მეგობართან, რომელიც ყოველთვის ელოდა მათ მოსვლას.
მეგობრები საუბრობდნენ მომხდარზე და ცხოვრების სხვადასხვა მოვლენებზე. ზღვა კი ღელავდა, ღრიალებდა თითქოს აღშფოთებული იყო იმ უსამართლობის გამო, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა მის ნაპირებთან. თვითონ კი ხელი ვერ შეუშალა. მეგობრებიც ამაზე წუხდნენ, რომ სამყაროში მომხდარ ამდენ უსამართლობას ხელს ვერაფრით უშლიდნენ. მხოლოდ მცირედ შემთხვევებში თუ შეუძლიათ მათ, რომ დაეხმარონ სხვას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s