დიდოსტატთა კოლექცია – BIAFF – დან

BIAFF – 2018 ზე ისევე როგორც წინა წლებში განსაკუთრებული და ამავე დროს ორაზროვანი ინტერესი გამოიწვია დიდოსტატთა კოლექციის ფილმებმა, ამ ბლოგპოსტში სამ მათგანზე ვისაუბრებ. ესენია: “ცივი ომი” (პაველ პავლიკოვსკი) ; “ადამიანი, კოსმოსი, დრო და ადამიანი” (კიმ კი დუკი); “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა” (ლარს ფონ ტრიერი).

joanna-kulig

პაველ პავლიკოვსკის ფილმში “ცივი ომი” მოქმედება 1949- 64 წლებში ხდება პოლონეთში (იუგოსლავიაში, ბერლინსა და პარიზში). “იდას” შემდეგ ამ ფილმმაც მიიპყრო საკმაოდ დიდი ინტერესი საფესტივალო წრეებში და რეჟისორმა კანის ფესტივალზე პრიზი დაიმსახურა “საუკეთესო რეჟისურისთვის”. ფილმის შავ-თეთრი ტონალობა თანამედროვე გადასახედიდან წარსულის გაშუქების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია სიუჟეტის ფილმის დროში რეალიზებისთვის. ფილმი სამყაროში მთავარ გრძნობას სიყვარულს ეხება, რაც როგორც უმეტეს შემთხვევებში მოიცავს კონფლიქტებს, განშორებას, ჩხუბს, თუმცა არ ჰკარგავს თავის მნიშვნელობას და მაინც იმარჯვებს. ამ ფილმშიც ჰქონდა ადგილი წასვლას, დარჩენას, თუმცა წყვილის შეხვედრის შემდეგ ისევ ფეთქდება ვნება მათ შორის, როცა უკვე მათ სხვა ცალკ-ცალკე მყოფი გზა აქვთ არჩეული, მაგრამ ეს მაინც ვერ იქნება დასასრული მათ ისტორიაში. რამდენიმე განშორების შემდეგ წყვილი ახერხებს ერთად ყოფნას და ისინი სიყვარულს შეჰფიცებენ ნანგრევებში ერთი დანთებული სანთლის ფონზე დაჩოქილები. ისინი თავად “აკურთხებენ” მათ ერთად ყოფნას და ამ გრძნობის გამარჯვებაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ. ფილმი საკმაოდ რიტმული მუსიკალური ნომრებითაა დატვირთული, რასაც ცვლის სევდანარევი პასაჟები, თუმცა ის მაინც აღწევს დრამატულ ფონს თავს და იქცევა რომანტიულ ფილმად, რომელშიც სიყვარული იმარჯვებს.

cold_war_zimna_wojna_fotosy252-h_2018

რაც შეეხება ჩემთვის გამორჩეული რეჟისორების სიის ლიდერებს ლარს ფონ ტრიერსა და კიმ კი დუკს მათ ამჯერად ბევრად უფრო სასტიკი და სისხლიანი კინო შემოგვთავაზეს. რაც გასაკვირი არცაა კიმ კი დუკისგან, რომლის ფილმმა გასულ წელსაც (რომელიც ბიაფფ-ის კინოსეანსების ფარგლებში ვნახე) საოცარი დისკურსი გამოიწვია. კიმ კი დუკთან სისხლს საკმაოდ შეეჩვია მაყურებელი, მისი ბოლოდროინდელი ფილმები მეტწილად გაჯერებულია სისხლიანი ეპიზოდებით, თუმცა ლარს ფონ ტრიერისთვის ეს არ იყო დამახასიათებელი. მისთვის საინტერესო თემების კუთხით ტრიერი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა, კიმ კი დუკის მსგავსად და ძნელია მიუხედავად ამდენი სისხლით გაღიზიანებული მაყურებლის ემოციებისა მათი ფილმები შეაფასო მხოლოდ “ცუდია” ან “კარგიას” კატეგორიაში. რადგან ეს იქნებოდა ყველაზე მშრალი და არაფრისმთქმელი შეფასება, ასეთ მრავლისმთქმელ რეჟისორებთან, რომელთა ფილმებიც სავსეა ძიებებით, სამყაროში ადამიანის არსებობის უმნიშვნელოვანესი კითხვებით, მუდმივი ფიქრით და ა.შ. პირველი განცდა რაც მე პირადად ტრიერის ფილმების ხილვისას მეუფლება არის “ეს კაცი გიჟია” ან გენიოსი, გაოცება, გაოგნება, უამრავი კითხვა ქაოსურად მფრინავ პასუხებთან ერთად, რომელთაგანაც ვერასდროს ვერ გამოიცნობ სწორ პასუხს, რადგანაც ტრიერი ბოლომდე არასოდეს გახსნის კარტებს.

“სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენაც” იმ კატეგორიის ფილმია, რომელიც არამხოლოდ უბრალოდ გადაღებული, არამედ საოცრად ნააზრევი კინოა. ტრიერის ფილმებს ყოველთვის ეტყობა ის, რომ რეჟისორს ძალიან დიდხანს აქვს ნაფიქრი და ფაქიზი სიზუსტით განსაზღვრული თითოეული დეტალი ფილმში, თითოეული პერსონაჟის ამოსუნთქვაც კი საოცარი რუდუნებით აქვს გადატანილი ეკრანზე. შეუძლებელია არ აღინიშნოს მეთ დილონის საოცარი შესრულება და ვიზუალის სწორი შერჩევა შესრულებული როლისთვის.
IMG_6937.JPG
ვერც კი ვივარაუდებ, რომ ტრიერს დასჭირდება ოდესმე მიბაძოს ვინმეს, იმდენად მრავალფეროვანი და მისთვის დამახასიათებელი ხელწერა აქვს, თუმცა ამ ფილმის ყურების დროს ფილმის წყობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით დასაწყისში რამდენჯერმე გამახსენდა გერმანელი რეჟისორის ტომ ტიკვერის ფილმი “გაიქეცი, ლოლა გაიქეცი”. ტრიერიც ტიკვერის მსგავსად გმირის ისტორიის რაღაც ეტაპს ელვის სისწრაფით ჩავლილი კადრების ფონზე გვამცნობს რამდენიმე ეპიზოდში, რაც ტრიერთან ფილმის დინამიკას საოცრად აჩქარებს. ექსპრესიული კამერა, მრავალფეროვანი კადრები, დეტალების აქცენტირება იმდენად მაღალ დონეზეა შეზავებული ერთმანეთთან, რომ ძნელია უყურადღებოდ დაგრჩეს რეჟისორის მაღალი ოსტატობა. მართალია არ შემიძლია მომწონდეს ზოგადად ამ თემატიკის, ასეთი აგრესიით, სისხლით და ნეგატიური ელფერით სავსე ფილმები, თუმცა არც ის შემიძლია არ მომწონდეს კიმ კი დუკის და ლარს ფონ ტრიერის შექმნილი კინოსურათი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი რეჟისორი სრულიად სხვადასხვა ფრონტზე იბრძვიან BIAFF -ის კინო ჩვენებების შემდეგ ისინი ერთგვარად “სისხლიანი კინოს” ავტორების განსაზღვრებაში მოექცნენ მაყურებლის თვალში. ფილმის ჩვენების დროს დარბაზი მაქსიმალურად გადავსებული იყო, მაყურებელი იატაკიდანაც მოხერხებულად ადევნებდა ფილმს თვალს, თუმცა რამდნიმე ეპიზოდს ვერ გაუძლო რაღაც ნაწილმა და ერთიანად წამოიშალა რამდენჯერმე თითქმის ფილმის ფინალში და გავიდა დარბაზიდან. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ყველა რეჟისორს სურს თავის ფილმზე დარბაზი გადაივსოს, ტრიერის მიზანი ამასთან ერთად ისიც შეიძლება იყოს, რომ მან მაყურებელი იმდენად გააღიზიანოს, იმდენად შემზარავი ისტორია ანახოს, რომ მან ვერ გაუძლოს და დატოვოს დარბაზი. ამიტომაც ეს არ არის კინო “სუსტებისთვის”, ამ რეჟისორის ფილმებს უნდა გაუძლო შესაბამისი ფსიქოლოგიური მზაობით, რაც რათქმაუნდა ყველას არ გააჩნია.
IMG_6940.JPG

“უარს მხოლოდ დამნაშავე იტყოდა” – ამბობს ჯეკი სახლის ჩხრეკის დროს, ის რამდენჯერმე ცდილობს არაპირდაპირ წარმოაჩინოს თავი დამნაშავედ, ქერა ქალთან ყოფნისას, რომელიც სხვა ქალებთან შედარებით მეტ სიმპათიას იწვევდა მასში, ის პოლიციელსაც უმხელს თავის დანაშაულს, თუმცა პოლიციელი ამას სიმთვრალეს მიაწერს და გულგრილად ტოვებს ქუჩას.

“დამალვის საუკეთესო გზაა, საერთოდ არ დამალო” – ეს ჯეკის დევიზია, ის ცდილობს აფიშირებას, არც მალავს საკუთარ თავს, მაგრამ მაინც ვერ იჭერენ მას. ფილმი მოიცავს პრედიქტ კადრებსაც, რაც რამდენიმე ეპიზოდში ვლინდება. მაშინაც კი როცა ქერა ქალი შველას ითხოვს და ჯეკი მას ამის საშუალებას აძლევს, არავინ არ ჩანს კორპუსში ისეთი ვინც ქალის ბედით დაინტერესდება. მკვლელი შანსს აძლევს მსხვერპლს, რომელიც განწირულია, თანაც ახლა არამხოლოდ ჯეკის მხრიდან, არამედ გულგრილი საზოგადოების მხრიდანაც.

“ადამიანის საბოლოო მიზანი სიცოცხლეში კი არა სიკვდილის შემდეგ იკვეთება” – ეს ჯეკის მოსაზრებაა. შეიძლება ამიტომაც ემხრობა ის სიკვდილს და ხელს უწყობს ადამიანების გარდაცვალებას. კაცი, რომელიც უმოწყალოდ კლავს ადამიანებს, ვერაფრით იქცევა არმოსაწონ გმირად, მიუხედავად მისი სისასტიკისა, ის იწვევს სიმპათიას, მაგრამ არა თანაგრძნობას, რომლითაც შეიძლება გაამართლო ის ან ახსნა მისი ხელოვნების სახელით განხორციელებული ქმედებების მოტივები. ჯეკი კლავს უმიზეზოდ, ყინავს ადამიანებს მაცივარში, იმისთვის რომ შემდეგ მათგან ხელოვნების ნიმუშისთვის შესაბამისი პოზები მიიღოს.
ფილმის ირგვლივ გაჟღერებულ მოსაზრებებში იყო ფემინისტური მოსაზრებაც, იმის შესახებ, რომ ტრიერი ქალთმოძულეა და განზრახ ირჩევს მსხვერპლად ქალებს. თუმცა ფილმში ნათლად ჩანს, რომ ბევრი ქალის გვერდით, ჯეკი კლავს ბავშვებსაც და მამაკაცებსაც კეტავს მაცივარში გასაყინად. “ყოველთვის ქალებთან უფრო ვთანამშრომლობდი” – ასე ხსნის ცხედრებში ქალთა სიმრავლეს ჯეკი. ფილმში ჟღერდება ფრაზა, სადაც ჯეკი ახსენებს, რომ მამაკაცის მოგერიება ფიზიკურად ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ქალის. ამ ინფორმაციით(რომლითაც ტრიერტმა პერსონაჟი აალაპარაკა) რეჟისორი ცდილობს თავის დაზღვევას, მოსალოდნელ ფემინისტურ პროტესტზე, თუმცა როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ფილმი სიცოცხლის, გარდაცვალების, კერპების, რელიგიის თემებს მოიცავს, სადაც მთავარი პერსონაჟი თვლის, რომ რელიგია ადამიანებს თავის მონებად აქცევს.

THTJB_Styx_Poster_wide_House_rgb.indd

“განდიდება ნაშრომს აკნინებს” – ჯეკი კერპებზეც აკეთებს აქცენტს, სადაც სტალინს, ჰიტლერს და სხვებს ვხვდებით, რომელთაც ის უდიდესი ხელოვნების ნიმუშებს უწოდებს. ფილმში ვხვდებით სცენას მელანქოლიიდან, ნახსენებია ანტიქრისტეც, ტრიერმა ამ ფილმში თითქოს შეკრა მთელი თავისი ფილმოგრაფიის საერთო სათქმელი.
“ჰგონიათ, რომ ხელოვანები შემოქმედებაში იმას ასახავენ, რისი განხორციელებაც სინამდვილეში სურთ” – ასე ხსნის მთავარი პერსონაჟი ხელოვნებაში სისხლიანი ბრძოლების, სიკვდილის თემას. ის მკვლელობის მსგავს სცენას აცოცხლებს მის მიერ მოკლული ადამიანების ცხედრებით, რასაც ფონად გასდევს ბრძოლის სცენები სხვადახვა მხავტრის შემოქმედებიდან. ფილმი საინტერესო დრამატურგიას გვთავაზობს. თხრობის სტილი დაყოფილია თავებად და სრულდება ეპილოგით, როცა ჯეკი თავის თანამოაზრე ვერდისთან ერთად ჯოჯოხეთში ხვდება. რატომ მოევლინა ჯეკს ვერდი, იქნებ ტრიერმა მას თანაგრძნობის ნიშნად მეგობარი მოუძებნა, ვინც მოუსმენდა, გაუგებდა, მაგრამ სჭირდება კი ჯეკს გაგება? შეიძლება კი მისი ქმედებების ახსნა?
მინდვრის სცენა, ბავშვობის მოგონებები, მკვდარი ბავშვები, უამრავი გვამი, შემზარავი სისასტიკე – ეს ყველაფერი ჯეკის ისტორიის ეპილოგს გასდევს და ჯოჯოხეთის ცეცხლი, რომელშიც ჯეკი მაშინ ვარდება, როცა კედელზე ცოცვით ერთი მხარიდან მეორეზე გადასვლა განიზრახა. ჯეკმა ის დასასრული მიიღო, რომელიც დაიმსახურა. იმ მძიმე ფონზე, რაც ფილმში დასაწყისიდან თითქმის ბოლომდე მიმდინარეობს, ჯეკის ჯოჯოხეთის სცენა ერთგვარი ირონია იყო, ზედმეტად დიდი დაცინვა შესაძლოა, თავად ადამიანის აღსასრულის და მისი ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეში მოხვედრის თემისადმი. აქ ნაწილობრივ იკითხება ტრიერის პოზიცია. ის ამ მძიმე ისტორიიდან გვაგდებს ძალიან მარტივად გაკეთებულ ჯოჯოხეთის ზღაპრულ სცენაში, სადაც ცეცხლია. სჯერა კი ტრიერს ასეთი დასასრულის არსებობის? მითუმეტეს ამავე ფილმში უცხადებს ის რელიგიას უნდობლობას, საიდანაც წარმოშობილია ჯოჯოხეთის თემაც. ყურადსაღებია ისიც, რომ ჯეკი რამდენჯერმე აშენებს და ანგრევს სახლს. სახლი კი ემსაგვსება ცხოვრების გზას, რომელსაც ადამიანი თავად ქმნის და რომელიც ჯეკისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლით სრულდება

და ბოლოს ამ ფილმზეც და ტრიერზეც ალბათ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, თუმცა ვეცდები მოკლედ შევაჯერო აზრი და ყურადღება კიმ კი დუკისკენ მივმართო. “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა” წარმოადგენს ერთ-ერთ საინტერესო სურათს, რომელიც ჭარბად იწვევს უარყოფით ემოციებს, მაგრამ ის მეტად ეფექტური ფილმია, ვიდრე დეფექტური, მიუხედავად იმისა, რომ მე ტრიერის შემოქმედების სხვა ფილმებით ბევრად უფრო მოხიბლული ვარ, თავისი ეპატაჟით ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და გვაოცებს.

IMG_6936.JPG

ახლა კი რაც შეეხება კიმ კი დუკის ფილმს “ადამიანი, კოსმოსი, დრო და ადამიანი” პირველი რაც შეიძლება ამ ფილმმა გაგვახსენოს ისევ და ისევ კიმის ხელწერაა, თუნდაც სათაურებში, როგორც მკვეთრ განაცხადში გამოსახული. “ფილმის ნახევარი მისი სათაურია” (ბრესონი)დაახლოებით ასევეა ამ ფილმის შემთხვევაში. ის უტრიალებს ადამიანს, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის.
201812827_3.jpg
ფილმში ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ერთ სივრცეში იყრის თავს. აქ ვხვდებით სენატორს ვაჟთან ერთად, შეყვარებულ წყვილს,ახალდაქორწინებულებს, იდუმალ მოხუცს, მეძავებს და მოძალადე დამნაშავეთა ჯგუფს თავიანთი ლიდერით. ოკეანის მორევიდან მგზავრები უეცრად ღრუბლებში აღმოჩნდებიან, რაც მათში პანიკას იწვევს უკვე გამოვლენილ ცხოველურ, სექსუალურ ინსტიქტებს ემატება შიმშილის თემაც, რაც ადამიანებს ერთმანეთის მჭამელებად გადააქცევს. პერსონაჟების ისტორია მოცემულ დროში არსებობს, სამოქმედო სივრცე გემია, სადაც მათი ბედი ერთმანეთთან მწვავე პრობლემით გადაიკვეთება. ძალადობა, შიმშილი, სისასტიკე, უფლებათა დარღვევა სოციალური ფონით – საკმაოდ რეალისტური და მძიმე სურათია, თუმცა ყველაფერი ეს ბოლოს ფანტასტიკურ ელფერს იღებს, როცა ადამიანები იქცევიან კანიბალებად. ტრიერის ფილმის მსგავსად, მაყურებელმა ვერც კიმ კი დუკის ამ შემოთავაზებას გაუძლო და გულისრევის, სიბრალულის, ზიზღის შეგრძნებით დამძიმებული ტოვებდა დარბაზს. რატომ აქცევს თავის პერსონაჟებს ყოველთვის ძალადობის მსხვერპლად ეს რეჟისორი? იმდენად მასშტაბურ სახეს იძენს მის ფილმებში ამ თემის პროექცია, რომ შესაძლოა ამის მიღმა პირადი გამოცდილება იკითხებოდეს.
1278071_Human-space-time-and-human-c-kim-ki-duk-film
ფილმში ადამიანების თვითგადარჩენისთვის ბრძოლა ემსგავსება ცხოველთა ბრძოლას.
“მთავარი გადარჩენაა”- სენატორი მამა საკუთარ შვილს მისი ხორცით გამოკვებას სთავაზობს, რათა მასში გააგრძელოს სიცოცხლე. ღირს კი ასეთი სახით სიცოცხლის შენარჩუნება?
საიდან წარმოიშვა ამდენი აგრესია?
ფილმი გაოცების, გაურკვევლობის და უამრავი კითხვის მორევში გვაქცევს.
რატომ ამდენი ძალადობა?
საიდან ამხელა სისასტიკე?
ნუთუ რეჟისორს თვითგადარჩენისთვის მებრძოლი ადამიანის უკიდურესი სახე უნდა გვანახოს, როცა ის საკუთარი მშობლის სხეულით გამოკვებაზეც თანახმაა, როცა ადამიანს სხვისი სისხლით შეუძლია დაიკმაყოფილოს წყურვილი, ან სხვა ადამიანის ხორცით გაიქროს შიმშილის გრძნობა. რამდენიმეჯერ გაუპატიურებული გოგონა, რომლის ქმარსაც კლავენ, ორსულად აღმოჩნდება. პირველი ზიზღის შემდეგ, ის მოხუცის გავლენით იტოვებს ბავშვს, მეტიც მიზნად დაისახავს, რომ ბავშვი აუცილებლად გააჩინოს. ჯერ არ დაბადებული ბავშვი ერთგვარ საფარველად აღმოჩნდება მისთვის, როგორც სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლო, თუმცა რეჟისორი აქაც დაუნდობელია და ბავშვს დაბადებამდე სახავს, როგორც ცოდვის პირმშოს. მას შემდეგ რაც გემზე მცენარეები იზრდება და ქათამი კვერცხს დებს, ირგვლივ ადამიანი აღარ ცოცხლობს, გარდა ორსული გოგონასი, რომელსაც ამ პირობებში მარტო უწევს მშობიარობა. ის გემზე აჩენს ბავშვს, საიდანაც წლების შემდეგ რეალურ ყოფაში გადადის, სადაც ჩვეულებრივი დედა შვილის ურთიერთობა უნდა ვიხილოთ თითქოს, მაგრამ აქაც ისევ განაგრძობს ცოდვა არსებობას, შვილს აქვს სასტიკი გამოვლინებები და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ამ ისტორიაში იკითხებოდეს, ის სურვილია, რაც ფილმის ფინალში ჩანს. იმ სისხლიანი ძალადობით სავსე ისტორიაში, რასაც რეჟისორი გვთავაზობს, შეუძლებელია HAPPY END-ზე გვეფიქრა, თუმცა “ოიდიპოს კომპლექსი”, შვილის ფარული ვნება საკუთარი მშობლის მიმართ ზედმეტი ცოდვით ამძიმებს ამ ფილმს და მაყურებელსაც, რომელსაც არ შეუძლია ერთბაშად გადახარშოს ამდენი ნეგატიური ტალღა, რომელსაც ამ კინოსურათისგან იღებს.
თუმცა ის რაც მაყურებელს დანამდვილებით შეუძლია მიიღოს კიმ კი დუკისგან, ან ტრიერისგან არის გაოცება, გაოგნება, ფიქრი, გაურკვევლობა და უამრავი რატომ ფილმის ბოლოს?
რატომ??????
220px-Human,_Space,_Time_and_Human

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s