ბედის ირონია

 

ამბავი, რომელსაც მოვყვები არ ვიცი სად და როდის მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად მოხდებოდა ოდესმე, სადმე დედამიწის ზურგზე. ესაა ამბავი გაწბილებული კაცისა. როგორც ზღაპარი ეს ამბავიც ასე დაიწყო…

იყო და არა იყო რა.

იყო ერთი სოფელი, რომელშიც ყველა ამბავი ელვის სისწრაფით ჩაიქროლებდა და ყველა სახლის კარებში აღწევდა, შემდეგ კი ყველა ენა ახმოვანებდა მას. ასე გავარდა მოულოდნელად ერთი ჭორიკანა დედაკაცის პირიდან სოფლის მდინარის განაპირა მხარეს მცხოვრები ერთი გლეხის ოჯახის გამდიდრების ამბავი.

ოჯახის ქალიშვილი სოფლის ავტობუსში რამდენიმე ოქროს ბეჭდით შენიშნეს. ჭორიკანა დედაკაცმა მისი დაკითხვა გადაწყვიტა.

  • ეს ამდენი სამკაული საიდან? ნუთუ ლატარია მოიგეთ და ოქროთი აივსეთ- ჰკითხა ჭორიკანა დედაკაცმა ახალგაზრდა ქალს.
  • არა დეიდა მერი, ნუთუ არ გაგიგიათ, დავინიშნე და ეს ჩემი მეუღლის ნაჩუქარი ოქროს სამკაულებია – ამაყად მიუგო გოგონამ
  • ძალიან ლამაზია შვილო, გილოცავ – თქვა ჭორიკანა ქალმა და გაიფიქრა, ეს რამდენი ოქრო მოუტანიათ, ნამდვილად მდიდარი საქმრო უპოვია ამ გლეხი კაცის ქალიშვილსო.

 

გავიდა რამდენიმე დღე და ეს ამბავი არამარტო სოფელს მოედო, არამედ მის ფარგლებსაც გასცდა. ჭორიკანა დედაკაცის ნაამბობი სოფელში საეჭვო რეპუტაციის მქონე ყმაწვილ კაცებმაც შეიტყვეს და დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ თუ რა ეღონათ, რომ უცებ გამდიდრებული გლეხის ოჯახის სიმდიდრე ხელში ჩაეგდოთ. რამდენიმე დღიანი ქაოსის შემდეგ ხმა გლეხის გამდიდრების შესახებ თვითონ გლეხის ყურსაც მისწვდა და ოჯახს უამბო, რომ მთელი სოფელი მათზე საუბრობდა. გოგონა ძალიან გახალისდა ამ ამბით და გულიანად იცინა ამაზე, თუმცა რატომ ჯერჯერობით არავინ იცოდა.

 

გოგონების ოჯახის ღიმილიანი სახეების ფონზე ჩაიარა ნიშნობამ, გახარებულმა მშობლებმა ისაუბრეს ქორწილის შესახებაც. დაიგეგმა ქორწილი და დაიწყო ფუსფუსი ქალიშვილის ოჯახში, რომელმაც თითოეული თეთრი მოიძია, საქონელი გაყიდა, მოსავალი სწრაფად აიღო, რომ მდიდარ მძახალთან თავი არ შეერცხვინა და გოგონაც შეძლებისდაგვარად კარგად გაემზითვებინათ.

 

ასე ჩაიარა რამდენიმე დღემ.

გოგონას ოჯახში საქორწინო სამზადისია.

სოფელში კი ისევ არ ჩამცხრალა გლეხის ოჯახის ქალიშვილის მდიდარი საქმროს ამბავი.

სოფლის ცენტრში მდგარ გაჩერების სადგურში კი საეჭვო რეპუტაციის ბიჭები ასევე საეჭვო გეგმებს სახავდნენ.

 

ერთ დღესაც მამლის ყივილმა ტრადიციულად გამოაფხიზლა სოფელი და გავარდა ხმა, ქურდობის შესახებ. გლეხის ოჯახი გაუქურდავთ და ქალიშვილისთვის საქმროს მირთმეული სამკაულებიდან ყველა წაუღიათ, ხელი მეტი არაფრისთვის უხლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქურდებმა სწორედ გლეხის გამდიდრების ამბის გაგების შემდეგ გადაწყვიტეს მისი გაქურდვა. გლეხი კაცი საგონებელში ჩავარდა, რა უნდა უთხრას სასიძოს ოჯახს. ის ცოლთან ერთად გოდებას მოჰყვა.

 

  • ქალო რა ვიღონოთ ახლა, როგორც იქნა ჩვენი ოცნება ასრულდა, ძლივს იპოვა ჩვენმა გოგომ მდიდარი საქმრო და ეს რა დაგვემართა, ვაი, ვაი – ამოიკვნესა კაცმა.
  • დამშვიდდი კაცო, რამე არ მოგივიდეს, იქნება ჩვენმა პოლიციამ გამოიძიოს, ღმერთი არ გაგვწირავს, არა – მიუგო ქალმა.
  • ღმერთის იმედად როგორ ვიყოთ, სიძე, რომ მოვა და ცარიელი თითებით დახვდება ჩვენი გოგო რა ვუთხრათ
  • რამეს მოვიფიქრებთ
  • ტყუილს ვერ ვიტყვით ფულიც არ გვაქვს, რომ ახალი სამკაულები ვუყიდოთ ჩვენს გოგოს
  • დამშვიდდი რამე არ დაგემართოს
  • როგორ დავმშვიდდე- აღმოხდა კაცს და თვალები გადაატრიალა
  • ვაიმე მიშველეთ შვილო- დაიძახა ქალმა. გოგონა ოთახიდან გამოვიდა, ის ცოტათი განიცდიდა ამ ამბავს მაგრამ არც ისე, როგორც მისი მშობლები
  • რა მოხდა დედა
  • მამაშენი ცუდადაა შვილო, სასწრაფოდ სოფლის ექიმთან წადი
  • კი მაგრამ დედა დამშვიდდით, ასე ნუ განიცდით
  • როგორ არ განვიცადოთ შვილო შენი ბედი წყდება, შენი საწყალი ბედი- წაიბუტბუტა ქალმა და შვილს ექიმის ფული გაუწოდა, გოგონამ ქურთუკი მოიხურა და გაუდგა გზას, ექიმის მოსაყვანად. ამ დროს დივანზე მიგდებულმა მამამ თვალი გაახილა და ამოიკვნესა
  • ეჰ, ეს რა დღე დაგვიდგა ღმერთო, ეს რა განსაცდელი დაგვიდგა- აღმოხდა კაცს.

 

ამ დროს გოგონა სოფლის შარა გზაზე მიაბიჯებდა და ფიქრობდა თან თავის გეგმებზე, ისიც ადარდებდა, რომ მშობლები მის ამბავს განიცდიდნენ, თუმცა მათ დამშვიდებასაც ვერ ახერხებდა. უცებ თვალწინ წარმოუდგა  მისი და მისი ასევე ღარიბი საქმროს შეთანხმება, რომლის წყალობითაც ის მდიდარი ყმაწვილის საცოლის როლში უნდა გამოჩენილიყო სოფელშიც და ოჯახშიც, რადგან ოჯახის თანხმობა მოეპოვებინა ქორწინებაზე.

გოგონას მშობლები ბავშვობიდან უნერგავდნენ გოგონას რომ აუცილებლად მდიდარი საქმრო უნდა ეპოვნა, რადგან სიღარიბისთვის თავი დაეღწიათ. გოგონას ჩანაფიქრიც ასეთი იყო, რადგანაც ძალიან მობეზრებული ჰქონდა ამ სოფლის ყოფა, გაჭირვება და მასაც სურდა ამ მდგომარეობისგან თავის დაღწევა სარფიანი ქორწინებით, თუმცა სიყვარული დაუკითხავად შემოვიდა მის გულში და ვერ დააღწია თავი მას. ბევრი ფიქრის შემდეგ კი საქმროს მოელაპარაკა და რამდენიმე თვის ნაგროვები დანაზოგით წავიდნენ ბაზრობაზე, სადაც ერთ იუველირს მიაგნეს, რომელსაც უბრალო ლითონის სამკაულები შეეძლო ოქროსფრად ისე შეეღება, რომ მის სიძვირფასეში ეჭვი არავის შეპარვოდა და მხოლოდ ოქრომჭედელი თუ მიხვდებოდა მის ფასს, ისიც სპეციალური შემოწმების საფუძველზე. გეგმის თანახმად ადვილად მოტყუვდებოდა გოგონას ოჯახი, რომელსაც საქმრომ რამდენიმე ოქროს ბეჭედი, ოქროს ყელსაბამი, სამაჯური და საყურეები მოუტანა.

 

ეს ძღვენი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა გოგოს მშობლები თავს იქებდნენ გოგონას მომავალი ბედით.

მთელი სოფელი ამ ამბის ირგვლივ ალაპარაკდა.

გოგონა კი ფიქრობდა, რომ სიყვარული შეაძლებინებდა ეს ყალბი სამკაულები ნამდვილად წარმოედგინა და ოდესმე თავის ქმართან ერთად შეძლებდა უამრავი ნამდვილი ოქროს სამკაულის ყიდვას. ნიშნობაზე, რომელიც თანამედროვე წესით ძალიან ვიწრო წრეში იმართება, საქმრო მარტო იყო საცოლის ოჯახში და მშობლების საქმიან ვიზიტზე საზღვარგარეთ ყოფნა მოიმიზეზა. რადგანაც ასევე გლეხი და ღარიბი მშობლების გამოჩენა სიმართლეს გამოააშკარავებდა და შესაძლოა გოგონას ოჯახი ამ ქორწინების წინააღმდეგ წასულიყო.  გოგოს ოჯახი ცალკე ცდილობს მდიდარი მძახლებისთვის თავის მოსაწონებლად გოგოს მზითევისთვის ფული შეაგროვოს და თავის მხრივ საქმროც საგონებელშია, დღე და ღამე  მუშაობს, წელებზე ფეხს იდგამს, რათა დააგროვოს თანხა, რომელიც ქორწილის გასამართად სჭირდება.

 

ამასობაში ფიქრებიდან გამორკვეული გოგონა მიადგა სოფლის ექიმის სახლის კარს და ექიმს მამის ამბავი უთხრა და სახლისკენ გაუძღვა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ოჯახი დამშვიდდა, რადგანაც მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო საგანგაშო. გოგონას პრობლემა კი მაინც მოუგვარებელი დარჩა. გოგონა ფიქრობდა სიმართლის გამხელას ოჯახისთვის თუმცა ეს ძალიან ხელის შემშლელი იქნებოდა მისი ქორწინებისთვის. ამიტომაც გადაწვიტა საქმროს ნახვის შემდეგ მასთან ერთად მოეფიქრებინა როგორ გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან.

 

სოფლის ჭორიკანა დედაკაცები ახლა გლეხის გაქურდვის შესახებ ჰყვებიან მთელს სოფელში. ქურდები კი ნაქურდალის გასაღებას ცდილობენ.  რამდენიმე ახალგაზრდა კაცი შეიკრიბა და წავიდნენ ქალაქის მიმართულებით ფრთებშესხმულები, გამდიდრების მოლოდინში. თუმცა იუველირთან მისულები გაწბილებულები დარჩებიან.

 

 

  • გამარჯობა ბატონო – მიესალმა იუველირს ახალგაზრდა კაცი და მეგობრებთან ერთად შეაბიჯა ოქროს ბაზრობის შენობაში, ერთ-ერთ მაღაზიაში.
  • გამარჯობა – მიესალმა იუველირიც.
  • ძალიან ძვირფასი სამაკულები გვაქვს, დედას გაუჭირდა და გადავწყვიტეთ გავყიდოთ – განუცხადა იუველირს ქალაქის მთავარ ოქროს ბაზრობაზე ერთ-ერთმა ყმაწვილმა.
  • აბა მაჩვენეთ, შევამოწმებ და ღირებულების ნახევარს გადაგიხდით- უპასუხა იუველირმა
  • რატომ ნახევარს ჩვენი სამკაულები ძალიან ძვირფასია და გასაყიდი ღირებულების 90 % უნდა გადაგვიხადოთ, იშვიათი დიზაინის და ძალიან ძვირფასი სამკაულებია – უპასუხა თავდაჯერებულმა ახალგაზრდა კაცმა და ჯიბიდან ამოიღო ცხვირსახოცში შეხვეული ნაქურდალი და გაუწოდა იუველირს. იუველირმა დახედა სამკაულებს და თქვა:
  • მართლაც ლამაზი დიზაინია, ვნახოთ შევამოწმებ სპეციალურ აპარატზე და ფასზეც მოვილაპარაკებთ – უთხრა იუველირმა.

დაიმედებულმა ბიჭებმა გაუღიმეს ერთმანეთს და გონებაში იმაზე ფიქრი წარმოუდგათ თუ რამდენი რამის ყიდვას შეძლებდნენ აღებული ფულით. იუველირს ცოტა შეაგვიანდა, როცა კარში შემოაბიჯა ყმაწვილები შეეგებენ.

 

  • აბა ბიძია რას იტყვით როგორ შეაფასებთ დედაჩემის ნაქონ სამკაულებს – იკითხა ქურდმა.
  • შვილო ეს სამკაულები ყალბია და არცერთი მათგანი არაა ოქროსი  – უპასუხა იუველირმა.
  • კი მაგრამ როგორ ნამდვილად ოქროსია – უპასუხა გაოგნებულმა ბიჭმა და გადახედა მეგობრებს.
  • არა შვილო ჩემი ოქროს შესამოწმებელი აპარატის გარდა, სხვა ოქრომჭედლების აპარატებზეც შევამოწმეთ. ერთი შეხედვით შეიძლება ვერ მიხვდე, მაგრამ ნამდვილად ყალბია. თანაც ყველა მათგანი და მათი ღირებულება ჯამში 50 ლარსაც არ შეადგენს – უპასუხა იუველირმა სახტად დარჩენილ ყმაწვილებს.
  • კი მაგრამ ახლა რაღა ვქნათ, ნუთუ სულ ტყუილად გავისარჯეთ- თქვა ბიჭმა.
  • რას გულისხმობთ – უპასუხა იუველირმა.
  • არაფერს. კარგად იყავით ჩვენ წავალთ – უპასუხა ახალგაზრდა კაცმა.
  • კარგად იყავით – დაემშვიდობა იუველირმა და ყალბი სამკაულები გაუწოდა ბიჭებს. ბიჭებმა გაბრაზებული, გაოცებული და ამავე დროს დამწუხრებული სახით გამოართვეს იუველირს ყალბი სამკაულები და გზას გაუდგნენ.

მთელი გზა ფიქრობდნენ გაწბილებულები ქურდები, თუ  რა ფუჭად ჩაიარა მათმა მცდელობამ და ხმამაღლაც ვერაფერს ამბობდნენ სხვების გასაგონად სოფელში. ხალხს ისევ ეგონა რომ გლეხის ოჯახმა უცებ ნანახი სიმდიდრე უცებვე დაკარგა. გოგონამ გადაწყვიტა ოჯახისთვის სიმართლე გაემხილა და დაემშვიდებინა. მართალია ოჯახი ძალიან დამწუხრდა რომ მათი სასიძო სულაც არ აღმოჩნდა მდიდარი ყმაწვილი, მაგრამ შვილს უთხრეს, რომ პატიობდნენ ტყუილს, რადგანაც თავს დამნაშავედ თვითონაც თვლიდნენ. ისინი შვილს გამუდმებით სიმდიდრის ძიებას ჩასჩიჩინებდნენ და მიხვდნენ, რომ თვითონ უბიძგეს გოგონას ამ ტყუილისკენ.

  • მაპატიე მამა- უთხრა აცრემლიანებულმა შვილმა
  • შენც გვაპატიე შვილო, ჩვენც დავაშავეთ- უპასუხა მამამ
  • ალბათ არ უნდა გაგვეზარდე სიმდიდრის წყურვილში, ალბათ მაგიტომაც მოგვატყუე, ჩვენც არ ვყოფილვართ მდიდრები და გვინდოდა შენ მაინც დაგეღწია თავი გაჭირვებისგან, თუმცა ახლა ვხვდები ფულის გარეშეც შეიძლება იყო ბედნიერი, მე და მამაშენს ფული არასდროს გვქონია ბევრი, მაგრამ ერთმანეთი უფულოდაც გვიყვარდა, ასე რომ თუ იმ ყმაწვილს მართლაც ძლიერ უყვარხარ უფულოდაც შეძლებთ იყოთ ბედნიერები – უთხრა დედამ შვილს და ჩაეხუტა.
  • რა ვქნათ, სოფელში რომ ამ ამბავს გაიგებენ-იკითხა გოგონამ
  • არაფერიც არ ვქნათ, არ არის აუცილებელი ყველამ გაიგოს – თქვა დედამ და გაიღიმა.
  • უკვე გაგვქურდეს და დაე ეგონოთ, რომ სიძისგან მოტანილი ოქრო წაგვართვეს, დაე თანასოფლელებმა იფიქრონ, რომ შენი საქმრო მდიდარია- უთხრა მამამ გოგოს და ხმამაღლა გადაიხარხარა.
  • როგორც თქვენ იტყვით, ისე მოვიქცევი- თქვა გოგონამ და ორივე მშობელს ჩაეხუტა.

 

ასე დასრულდა ეს ამბავი. ცოდვა გამხელილი სჯობიაო და გაამხილეს ცოდვა, ქურდს ნაქურდალი არ შეერგო და მატყუარას ტყუილი არ გაუმართლდა. თუმცა ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს…

 

 

 

 

 

05-02-2018

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s