ირანული კინოს ზეიმი BIAFF-ზე

მუდმივი ძიება, დაძაბულობა, “შეჭმუხნული სახე” სხვა უფრო მძაფრი ტკივილის, ემოციის მიღების მოლოდინში და უწყვეტი კითხვები – თან სდევს მაყურებელს, რომელიც ეკრანზე ირანულ კინოსურათს შესცქერის. მახმალბაფების კინოს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია ამ ქვეყნის რეჟისორთა კინოსურათებში არ ჩამორჩა ბიაფფ-ზე წარმოდგენილი სხვა ირანული კინოსურათებიც. ჰანა მახმალბაფი წელს თავისი ფილმით “სიგიჟის სიხარული”, ხოლო მოჰსენ მახმალბაფი “უმანკოების მომენტით” წარსდგა BIAFF-ის მაყურებლის წინაშე. 

516xw+EKQ0L.jpg

რაც შეეხება სხვა ნიმუშებს ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ფილმი “პატიოსანი კაცი”.

“პატიოსანი კაცი”

(რეჟისორი: მოჰამად რასულოფ, ირანი)

ეს ფილმი პირველივე კადრიდან შეიმჩნევა, რომ არის ირანული კინემატოგრაფის ნიმუში, არ ვიცი რა დავარქვა ამ ალღოს, რომელსაც პრეინფორმაციების გარეშე ფილმის ქვეყნის, რეჟისორის ან შესაძლო თემატიკის გამოცნობა შეუძლია, მაგრამ აშკარაა, რომ რაღაც არის  “აურა”, რომელსაც თითქოს ნაცნობ კინო გარემოში მიყავხარ, ისე რომ წარმოდგენაც კი არ გაქვს საიდან მიხვდი, რომ იგივე ადგილას აღმოჩნდი, ოღონდ ამჯერად სხვა ადამიანების (პერსონაჟების) გარემოცვაში… ასეთია ირანული კინო – რაღაც ამოუხსნელი “საერთო მახასიათებლის” მატარებელი (პერსონაჟების ვიზუალური იერსს არ ვგულისხმობ), რომელსაც ყოველთვის აქვს პრობლემა, თანაც ისეთი მძაფრი პრობლემა, რომელთან შეჯახებაც ეკრანს მიღმა მყოფ “პასიურ პერსონაჟებს,” მაყურებლებსაც ძალიან უჭირთ ისე, რომ თავის ცხოვრებაში, გულსა და გონებაში, როგორც პირადი პრობლემა არ გაატარონ და არ განიცადონ ფილმის გმირების მსგავსად, ეს “თანაგანცდა” უმეტეს შემთხვევაში ახლავს ამ ქვეყნის რეჟისორების კინოსურათებს მძაფრი პრობლემატურობიდან გამომდინარე.

lerd

ფილმმა “A Man of Integrity” 2017 წ კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიგო.

 

ფილმში რეჟისორი ეჭიდება ისეთ თემას, როგორიცაა ადამიანის არსებობა, იმ საზოგადოებაში, რომელმაც თავისი მორალური ცენტრი დაკარგა. პროტაგონისტი გახლავთ რეზა (Reza Akhlaghirad)- კაცი, რომელიც უსამართლობას ეჯახება და მის დამარცხებას ცდილობს სამართლებრივად თუმცა აქ ის უფრო დიდ უსამართლობას ეჯახება, როცა ხვდება, რომ სამართალიც “მოსყიდულია” და ამ გზით ის ვერ იპოვის ჭეშმარიტებას. მაშინ რა უნდა იღონოს კაცმა, რომელიც “პატიოსნად” ცხოვრობდა? მიმართოს თავისი მტრის მეთოდებს თუ დაემორჩილოს მას? მან ორივე გზა სცადა, თუმცა მაინც პირველს მიემხრო. მიუხედავად იმისა, რომ შურისძიება, ბოროტი ზრახვები მისთვის აქამდე უცნობი იყო, ის ამ ბრძოლაში მოპაექრის ხერხებით იმარჯვებს. სწორედ ამას ეუბნება მეუღლე ჰადისი რეზას, რომ უსამართლობასთან ბრძოლას სამართლის წესებით ვერ შეძლებს და მანაც სხვების მსგავსად უნდა მოისყიდოს მოსამართლეები. რეზა ცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც არ არსებობს “ჭეშმარიტი სამართალი” და ადამიანები არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ სოციალურ პასუხისმგებლობებს.

ერთ მხარეს “პატიოსანი მამაკაცი”

მეორე მხარეს შვილის მკვლელი მამა

ვინ იქნება გამარჯვებული???

რეზა გრძნობს თავის ქმედებებში “ჭუჭყით” დაფარვას და ამ ჭუჭყის მოცილებას წყლით ცდილობს. წყალია – ის რაც გვევლინება ფილმში დავის დამწყებ ინდიკატორად და განწმენდის საშუალებათაც. წყლის გადაკეტვით დაწყებული კონფლიქტი – მძაფრ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სადაც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ფარულად “მესამე მოთამაშე” ჩნდება, რომელიც მანიპულირებს მთავარი პერსონაჟით და მის აბსოლუტურ გარდაქმნას ახერხებს. ის უგდებს ანკესს რეზას და აგებს ამ ანკესზე მარტივი ტყუილის დაჯერებით. რეზას თევზები მოწამლულია, დამნაშავე კი “ფარული გმირი” აღმოჩნდება, რომელიც კაცს შურისძიებისკენ მოუწოდებს მტრის მიმართ და ამ ქმედებასაც მას მიაწერს. რეალურად რეზას გამწარებას, მის შურისმაძიებლად გამოყვანას სწორედ ეს ფაქტი ამძაფრებს, ის თავისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმის “დაღუპვისთვის” შურს აუცილებლად იძიებს, რაც “მესამე მოთამაშისთვის” ხელსაყრელი აღმოჩნდება, ის იყენებს რეზას მარიონეტად, რომელსაც ასტიმულირებს და მოუწოდებს შურისძიებისკენ.

FRANCE-CANNES-FILM-FESTIVAL

Iranian actress Nasim Adabi, Iranian actor Reza Akhlaghirad and Iranian actress Soudabeh Beizaee pose on May 19, 2017 during a photocall for the film ‘Lerd’ (A Man of Integrity) at the 70th edition of the Cannes Film Festival in Cannes, southern France. 

“კაცები სიამაყით შეცდომებს უშვებენ, რომლის გამოსწორებაც ქალების ჭკუას შეუძლია”–  ეს რეზას ცოლის სიტყვებია. თუმცა ფუჭი, რადგანაც ის ბოლომდე “გონივრულად” არ იქცევა, როცა სხვა რელიგიის მქონე მოსწავლეს სკოლიდან გარიცხავს, ის არ ფიქრობს შედეგებზე, თუ სად მიიყვანს ეს “უარყოფა” მოზარს, განსაკუთრებით კი ისეთ ფატალურ შედეგზე, როგორიცაა – გზა სასაფლაოსკენ.

“აქ ასეთი წესია, ისეთ ადგილას წადით, სადაც თქვენი რელიგია არ იციან” – ეს სიტყვები, რომელიც სკოლის დირექტორს და რეზას მეუღლეს ეკუთვნის იმ დიდ უსამართლობასთან გვაჯახებს, რასაც “განსხვავებულის” დევნა ჰქვია ირანულ კულტურაში (სწორედ “განსხვავებულის” დევნას ეძღვნება არაერთი ფილმი ირანელი რეჟისორების მახმალბაფების შემოქმედებაშიც).     რელიგია “თვითმკვლელობის” მიზეზად იქცევა მოზარდისთვის, გარემო, მასწავლებლები, დირექტორი, ხალხი – კი “თვითმკვლელობის” მონაწილეებად. ამ ფილმში არ არსებობს “უდანაშაულო” პერსონაჟი. “უდანაშაულოც” კი თავისდაუნებურად დამნაშავე ხდება.

ცხოვრება რად გაქცევს საით წაგიყვანს, რას გაგაკეთებინებს წინასწარ ძნელია შეცნობა. ასე იყო რეზასთვისაც. “პატიოსანი კაცი” გარემომ, შექმნილმა ვითარებამ “შურისმაძიებელად” აქცია და ჩართო ბრძოლაში, რომელშიც მას საკუთარი თავი ვერ წარმოედგინა. აბასსის სიკვდილი კი რომელიც რეზასთვის “შვების” მომტანი უნდა ყოფილიყო ამ მდგომარეობისგან თავის დაღწევის გამო, პირიქით აღმოჩნდა. პერსონაჟის წყალში განწმენდის სცენები, საბოლოოდ ამავე გუბეში ცრემლად ღვრის სცენად იქცევა. მისი ცრემლებით ცხადი ხდება, რომ შურისძიებას შვება არ მოაქვს. თუმცა ეს დაპირისპირებების ურღვევი ჯაჭვი ბოლოს აუცილებლად ერთი მხარისთვის ფატალურად უნდა დასრულებულიყო. ამ შემთხვევაში აბასსი მკვდარია, რეზა ცოცხალი, მაგრამ არა “გამარჯვებული”, რასაც ადასტურებს მისი ცრემლები ბოლო ეპიზოდში. ის ვერ იღებს იმ მდგომარეობას, რომლითაც კმაყოფილი იქნება, შესაბამისად ის არ არის ბედნიერი.

“პატიოსანი კაცი” – ერთგვარად ცინიკური სლოგანია. არავინ იცის ვინ რად იქცევა, ყველა ბედისწერის იარაღია და ძნელია განჭვრიტო ადამიანის ქცევა ამათუიმ ვითარებაში. ეს ფილმი ბევრის მთქმელია ირანული საზოგადოებისთვის. ქვეყნიდან წასული რეჟისორები მიუხედავად კანონის მკაცრი ზომებისა მაინც ეჭიდებიან რთულ თემებს (ოღონდ საზღვრების მიღმა), რომლებითაც სურთ ირანის საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მთავრობას ჩაახედონ თავიან მანკიერ სულში და დაანახონ ის ცუდი შედეგები, რასაც პერსონაჟები კინოეკრანებზე, რეალური ადამიანები კი ცხოვრებაში განიცდიან, იმ ურყევი და ძალიან მცდარი დამოკიდებულებების გამო, რომლებიც ფილმში სხვადასხვა პერსონაჟის მაგალითზე ნათლადაა გამოკვეთილი.

და ბოლოს, ეს უდაოდ საინტერესო კინოსურათი უნდა მოინიშნოთ, როგორც ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ფილმი, რომელიც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს…

phoca_thumb_l_4

გაუგებარი, მოსაწყენი ფილმიდან მძაფრსიუჟეტიან დრამად იქცევა ფილმი “აფრენა” (რეჟისორი: ეჰსან აბდიპური). რომელსაც ირანული კინოსთვის დამახასიათებელი სიმძიმე პირველივე კადრებიდან აქვს.

images

უბრალო გართობით დაწყებული ისტორია ნამდვილ დრამად იქცევა, დრამათ, რომელსაც ხუთი ზრდასრული მონაწილე ჰყავს. ისინი თამაშობენ თამაშს სახელად “სიმართლე ან მოქმედება”. თავისუფლების იდეა მთავარია ამ თამაშისთვის. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც შეიძლება წარმოუდგენელი იყოს მათთვის, როგორიცაა მაღაზიის მინების ჩალეწვა, ჩხუბი უმიზეზოდ, ქუჩაში უცნობ გოგონასთან სასიყვარულო დიალოგი და ა.შ. თუმცა ის უკიდურესობა, რომელსაც ათენა ირჩევს ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებაა ნებისმიერი მოთამაშისთვის. თავისუფლებისკენ სწრაფვა და თავისუფალი ნება გამოიხატება თამაშის ყველა ეპიზოდში თუმცა ათენა ყველაზე რთულ გზას ირჩევს. ის უნებართვოდ თვითმფრინავს გაიტაცებს და თავისუფლებისკენ სწრაფვას თავისუფლების ერთ-ერთი უზენაესი სიმბოლოთი აფრენით იწყებს, თუმცა ეს გამბედაობა გმირისთვის ფატალურ შედეგამდე მიდის. სიტუაცია უკონტროლო, შედეგი კი ნათელი ხდება. ის თავის უკანასკნელ სიტყვებს აწვდის ძმას და ეს სიტყვები დამშვიდობების სიტყვებია. ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ათენა, რომელიც ვერ გრძნობდა თავს კარგად ამ სამყაროში მისგან გასაქცევად ერთ-ერთ რადიკალურ გზას მიმართავს, მაგრამ გაურკვეველია შეძლებს ის თავისი ადგილის პოვნას იქ საითკენაც მიემართება ? _ მაღლა, ცაში? ან იქნებ დასასრულია სწორი არჩევანი ამ შემთხვევაში?

თავდაპირველად არსებული გაწელილი კადრები, ფილმის დუნე რიტმი მახსენებს კინო-თეორეტიკოსების გამონათქვამებს იმასთან დაკავშირებით რომ არსებობს ფილმები, რომლის ნახევარსაც უნდა გაუძლო იმისათვის, რომ მათში ფასეულს ეზიარო, იმას რაც ფინალშია შემონახული. ასეთივე განცდა დამეუფლა ამ ფილმის შემთხვევაშიც თავიდან კინო-თეატრის დარბაზის დატოვებაც მომინდა იმდენად დიდ გაუგებრობაში ვიგრძენი თავი, მაგრამ მაინც გავძელი ზოგადად კინოს სიყვარულის გამო. ვერ ვიტყვი რომ ეს ფილმი საყვარელ ფილმად მექცევა, მაგრამ უბრალოდ ამ ფილმს გააჩნია ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რაც ხელოვნების ნიმუშს უნდა ახასიათებდეს- ესაა ბიძგი დასაფიქრებლად, რომელსაც კინოდარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ვერ ივიწყებ და თავში ათასი უპასუხო კითხვა გიტრიალებს.

images.jpg

ფილმის ერთ ეპიზოდში თამაშისას ერთ-ერთ პერსონაჟს ეკითხებიან სად ისურვებდა ცხოვრებას მომავალში თუ წარსულში? ის პასუხობს აწმყოში, აქ და ამ წუთას – იქნებ ეს სლოგანია მაყურებლისთვის დააფასონ ყოველი წუთი, რომელიც აუცილებლად იქცევა წარსულად და რომელსაც თან სდევს მომავალი, მაგრამ მაინც განუმეორებელია, რადგან ის ჩვენს ხელშია, კინოს ძირითადი პრინციპის მსგავსად “აქ და ამ წუთას.” 

და აი მეც “აქ და ამ წუთას” დროებით გემშვიდობებით 🙂 🙂

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s