მახმალბაფი ისევ საქართველოში…

-Mohsen Makhmalbaf- Prominent Iranian Film Director_1.jpg

          პირველად მოჰსენ მახმალბაფი თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალზე ვნახე, მეუღლესთან მერზიე მეშკინთან ერთად, წლების შემდეგ ისევ გავიგე მისი ვიზიტის შესახებ საქართველოში და ახლა უკვე ბათუმში, ამჯერად ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალზე. უკვე იმდენად ხშირია ამ ადამიანის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში არც გამკვირვებია როცა წლევანდელი ბიაფფის ჟიურის სიაში მისი სახელი აღმოვაჩინე. მასთან ერთად მისი ქალიშვილი ჰანა მახმალბაფიც სტუმრობს ბათუმს. მახმალბაფების კინემატოგრაფიული ოჯახი ერთ-ერთია იმ რეჟისორებს შორის, რომლებმაც ჩემი ყურადღება წლების წინ მიიპყრო და საკმაოდ ვრცლად გავეცანი მათ შემოქმედებას.Makhmalbaf Familly _0.jpg

         განსაკუთრებული მახასიათებელი რაც ამ ოჯახის კინოს აქვს როგორც საერთო ნიშანი – სოციალური ხასიათია, პრობლემები, რომლებიც მათ ეროვნულ ნიადაგზე არსებობდა და მათთან შეწინააღმდეგებას ისინი ობიექტივით ცდილობდნენ. ფილმები, რომლებსაც ისინი ქმნიდნენ და ქმნიან ერთმანეთთან ქრონოლოგიური, შინაარსობრივი, პრობლემატური ხასიათით კავშირდებიან და წარმოადგენენ ერთგვარ გაგრძელებას ერთიმეორისას. ოჯახის წევრები ერთიმეორის ფილმის გადაღების პროცესის ასახვას დამოუკიდებელ ფილმად აქცევენ. ასეთივე კავშირია ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმს “უმანკოების მომენტსა “ (A moment of innocence ) და “სალამ სინემას ” შორის.

“კინო კინოში” აქტიურად გამოყენებული ხერხია მახმალბაფების შემოქმედებაში. პოლიტიკური ფონი, საზოგადოებრივ აზრთან ჭიდილი, პერსონაჟი კონკრეტული პრობლემით და მისი მოგვარების გზების ძიების მცდელობა რეჟისორების მიერ – ეს ყველაფერი გვხვდება ირანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის კინემატოგრაფიულ ოჯახში, რომლისთვისაც მთავარია: ირანში არსებული პრობლემების მხატვრული საშუალებებით, კინოს ენით რეფლექსირება. ესაა სოციალურ–პოლიტიკური ხასიათის კინო, რომელიც კონცენტრირებულია ამა თუ იმ პრობლემასა და მარტივ თხრობით ნარატივზე, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია გამოსახულება და მისი პოეტურობა.Le-realisateur-iranien-Mohsen-Makhmalbaf-etait-Paris-10-mars-pour-presentation-President_1_730_403.jpg

მოჰსენი, სამირა, მაისამი, ჰანა მახმალბაფები და მერზიე მეშკინი ქმნიან კინოს, რომელიც არ ჰგავს სხვას, არის ძალიან ინდივიდუალური სტილის და ფორმის. მათი ფილმები არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე აღინიშნა საპატიოდ, როგორც პოეტური ენით გადმოცემული სოციალური კინოს საუკეთესო ნიმუშები.  მოჰსენ მახმალბაფი კინოს იყენებს, როგორც არამხოლოდ მხატვრული გამოხატვის ხერხს, არამედ აქტიურ მედიას, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს (ოდნავ მაინც) ადამიანთა ცხოვრება. ამ კინემატოგრაფიული ოჯახის ფილმები ნაკლებად გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულებებით რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თუმცა პრობლემა, დინამიკა, ძიება მუდმივ განვითარებას ქმნის ფილმში…

რეალობა მთავარი ნიშანია, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მათ შემოქმედებაზე, სადაც იკვეთება თემების კორიანტელი, ისეთი როგორიცაა: ქალის თავისუფლება ირანულ საზოგადოებაში; პოეზია კინოში და მხატვრულობით შეფერილი დოკუმენტური სიზუსტით ასახული რეალობა; ცვლილება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათ ცნობიერებაში; და ა.შ.

images (1).jpg images

დოკუმენტურისა და მხატვრული თხრობის ფორმაში არსებობენ ეს ფილმები, რომლებსაც მთავარი რაც აერთიანებთ ესაა ადამიანი “შეზღუდული თავისუფლების” მქონე სამყაროში. საინტერესოა ამ რეჟისორების კვლევა სოციალური თემატიკის, მათი მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით, ფერთან, ხმასთან და გამოსახულებასთან ინდივიდუალური მიდგომებით. შესაძლოა, მსოფლიოში  მსგავსი პრეცედენტი არც არსებობდეს, როცა ოჯახის ხუთივე წევრი რეჟისორია და ემსახურება კინემატოგრაფს, რომელიც ინსპირირებულია რეალობით, რათა შეცვალოს ის უკეთესობისკენ.

“კინო კინოში”

images (2).jpg

1995 წელს მოჰსენ მახმალბაფმა კინოს შექმნიდან 100 წლის შემდეგ კინოს ამ საიუბილეო თარიღს ფილმი „სალამი კინოს“ მიუძღვნა. ფილმი იგება კასტინგზე მოსული მოხალისე მსახიობების თამაშზე, რომლის შესახებაც რეჟისორმა განცხადება გამოაქვეყნა გაზეთში. ასობით ადამიანი აღმოჩნდა კასტინგზე გაოცებული, იმედიანი, მომლოდინე და დაღლილი თვალებით. ამ ყოველივეს გადაღება 5 კაციანმა გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა. ეს ფართომასშტაბიანი კასტინგის სცენა, რომელიც ფილმში ძალიან ნატურალური და ბუნებრივია რეალური ემოციებითა და განცდებით, რეალურად არ იყო  კასტინგზე მისული ხალხის ამსახველი კადრები, არამედ, როგორც  რეჟისორმა განაცხადა, ეს იყო ერთ_ერთი დედოფლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული მასობრივი გამოსვლა. უბრალოდ მახმალბაფი საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა და სწორი რაკურსების საშუალებით შექმნა ილუზია, თითქოს მის მიერ გამოცხადებულ კასტინგზე უამრავი მსურველი მივიდა. ის სთხოვს მასთან კასტინგზე მისულ ადამიანებს ტირილს, თუ ეს არ შეუძლიათ, სიცილს ავალებს და ამას საკმაოდ აგრესიული ფორმით აკეთებს, რათა გმირების რეალური ემოციების პროვოცირება მოახდინოს. ფილმში არის იმედის მიცემის, დამცირების, მიზანდასახულობის თავმოყრა და ყველანაირი მცდელობა ადამიანებმა მიაღწიონ თავიანთ სასურველს, აღმოჩნდნენ კამერის წინ და კინემატოგრაფიულ სასწაულს ეზიარონ სხვადასხვა მიზნით. ცვალებადი ემოციური ტონით რეჟისორი ამყარებს მსახიობებთან კომუნიკაციას და ქმნის განსხვავებულ სახეებს/პორტრეტებს. ფილმი კანის ფესტივალზე კრიტიკოსთა რჩეული გახდა. ის ბევრ კინოსკოლაში შედის სასწავლო პროგრამაში, როგორც ტექნიკური ნოველა სოციალური და დოკუმენტური კინოს შექმნაში. ფილმი წარმოადგენს რეჟისორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას კინოს მიმართ, რომელიც იმისათვის რომ მიიღოს სასურველი კადრი, არ ერიდება ქუჩაში ადამიანების თვალიერებას, მათში საინტერესო სახის ძიებას და ცდილობს მათთან დაახლოებას.

კასტინგის სცენაზე იგება ფაბულა მოჰსენ მახმალბაფის ამავე პერიოდში გადაღებულ ფილმში „უმანკოების მომენტი“ A moment of innocence (1996), სადაც რეჟისორი „სალამ სინემას“ მსგავსად ორმაგი რეჟისორული დატვირთვით გვევლინება – გარდა იმისა, რომ ის არის რეჟისორი ფილმისა, რომლის გადაღების პროცესსაც ასახავს ის ამავე დროს გვევლინება როგორც ფილმის პერსონაჟი/მსახიობი. ფილმის პირველ სცენაში სხვა ქალაქში ჩასული უხეში აღნაგობის მამაკაცი მისტერ მახმალბაფს კითხულობს. სახლთან მიახლოებისას ის მახმალბაფის ქალიშვილს ჰანას გადაეყრება. თქვენ გინდათ იყოთ მსახიობი?_ ეკითხება უცნობ მამაკაცს პატარა გოგონა. კაცს უკვირს, საიდან მიხვდა ბავშვი მის სურვილს. აქ ვინც მოდის ყველას მსახიობობა უნდა_პასუხობს ჰანა. კაცი ყოფილი პოლიციელია, რომელიც ამ საქმეს შაჰის მმართველობის პერიოდში ემსახურობოდა. ამ ფილმშიც ჩნდება კასტინგის ეპიზოდი, სადაც „სალამ სინემასგან“ განსხვავებით გმირის ემოციებზე, მის სამსახიობო უნარებზე,  ხასიათების ცვლაზე  აქცენტი არ კეთდება, აქ მნიშვნელოვანია გმირის სახე, რომელიც ემსგავსება რეჟისორს და გააცოცხლებს 20 წლის წინანდელ სურათს, როცა ის 17 წლის იყო და იბრძოდა დიქტატურის წინააღმდეგ.

630531-41.jpg

ფილმში მოთხრობილი  ისტორია და გადაღების ეპიზოდები ერთმანეთს ენაცვლებიან დუბლების რეჟიმში. ისევ ვხედავთ გადაღებაზე მეოცნებე ჩადრიან გოგონებს, მათ შეზღუდულ ნებასა და თავისუფლებას.  ეს ახალგაზრდები დამოკიდებულები არიან ოჯახის – დედის, მამის თანხმობაზე, რომელსაც დიდი ხნის ხვეწნა–მუდარის შემთხვევაშიც ხშირად ვერ აღწევენ. საინტერესოა ყოფილი პოლიციელის სახეც. ის მახმალბაფს საყვარელი ქალის დაკარგვაში ადანაშაულებს და ამ დანაშაულის გამოსყიდვის საშუალებად მხოლოდ ფილმში მთავარი როლის მიღება მიაჩნია. გადაღების პროცესის პარალელურად  რეჟისორის ცხოვრებისეული ისტორიების რეტროსპექცია ფილმში ჟანრულ აღრევას იწვევს. ეს არ არის ტიპიური დრამა, მასში მხოლოდ მცირე ელემენტებია დრამის, ეს ფილმი სტილისტურად არც „სუფთა“ დოკუმენტური კინოს ჩარჩოებში ჯდება და არც მხოლოდ მხატვრულ თხრობას წარმოადგენს, მახმალბაფის ფილმები ამ ორივე გამოსახვის ფორმას შორის მიჯნაზე არსებობენ . ახალგაზრდა ბიჭის სახით რეჟისორი თავის წარსულთან კონტაქტობს, ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც წარსულისა და აწმყოს გადაკვეთის წერტილი. ყოფილ პოლიციელს თავისი წარსულის განმასახიერებელი პერსონაჟი ჰყავს. რეჟისორი ფილმში თავისი ახალგაზრდული მეამბოხე სულის გაცოცხლებას და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სცენის ასახვას ცდილობს და თავის „წარსულს“ მოუწოდებს, წარმოთქვას რეჟიმის წინააღმდეგ სლოგანები. პირადი ცხოვრება იქცა რეჟისორისთვის მთავარ ინსპირაციის წყაროდ თავის პროფესიაში.

Без названия

ამ ფილმში მახმალბაფი იყენებს მუშაობის მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ხერხს, როგორიცაა ე.წ „ფაილებად მიბმა“: გამოყოფს და ასათაურებს მუშაობის ეტაპებს, როგორიცაა, მაგალითად „თემა შერჩეულია“ ; “ახალგაზრდა მახმალბაფი შერჩეულია“ და ა.შ.  რეჟისორმა ამ ფილმით გამოხატა მთავარი სათქმელი თავისი პაციფისტური მოტივისა, რომ „რევოლუცია გადის ძალადობაზე“ და მხოლოდ სიყვარულს და შერიგებას შეუძლია ირანულ საზოგადოებაში სიმშვიდის დამყარება (kim ji-seok).

quote-because-there-is-so-little-room-for-expression-otherwise-a-lot-of-people-love-cinema-mohsen-makhmalbaf-80-13-50

მახმალბაფს უყვარს არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა. მის ფილმებში მსახიობი ამბისგან დამოუკიდებლად მაყურებლისთვის არ არსებობს და არც მისი როგორც ცალკეული პერსონაჟის ამბისგან გამოცალკევება არ ხდება, იმდენად ერთი სხეულია ესათუის კონკრეტული ფილმი. რეჟისორი ირჩევს ჩვეულებრივი გარეგნობის მქონე სახეებს, რომლებიც პრობლემის გაშუქებაში ძალიან ეხმარებიან მას, რადგანაც ისინი არიან უბრალო ადამიანები,  პრობლემატური ყოფით, ამიტომაც მაყურებელს ამ თემისგან მსახიობის გათიშვა და მისი, როგორც მოთამაშის აღქმა უჭირს, ამ შემთხვევაში მსახიობები ისეთივე ნამდვილები და მართლები არიან თავიანთ როლებში, როგორც რეჟისორი თავის სათქმელში. უმნიშვნელოა მსახიობის გარეგნობა (მახმალბაფი არჩევს ტიპაჟებს), მნიშვნელოვანია მისი სული, რასაც ფილმში დებს, რომელსაც მაყურებელს აწვდის პერსონაჟის ამა თუ იმ სხეულიდან. “კარგი თემა, კარგი პერსონაჟები და ატმოსფერო…ჩემთვის მთავარია ამბავი, რისი მოყოლაც მინდა, შემდეგ შესრულება, გამოსახულება, ხმა და სტილი“_ ეს მოჰსენ მახმალბაფის სიტყვებია. მან ირანში არსებული ძალადობა და დიქტატურა კინოს მეშვეობით სააშკარაოზე გამოიტანა.

„კინო კინოში“ რაც დიდი რეჟისორის ვიმ ვენდერსის საყვარელ ხერხად მიიჩნევა, არანაკლებ საყვარელია მახმალბაფებისთვის. მაისამ მახმალბაფიც ამ ხერხზე აგებს ფილმს “როგორ იღებდა სამირა საკლასო დაფებს“, ფილმი მისი დის სამირას ფილმის „საკლასო დაფების“ გადაღებას ეძღვნება და ასახავს ფილმზე მუშაობის პროცესს…

image.jpg

”მეტი ცოდნა მეტ კრიტიკულ შეხედულებას გაძლევს და კრეატიულს კლავს“_ეს ფრაზა მოჰსენ მახმალბაფს ეკუთვნის, რეჟისორს რომელიც კინოში თავისუფალი აზროვნებით მოვიდა და საკმაოდ გვიან იგემა კინოს გემო, როგორც მაყურებელმა და ამ სფეროში მოღვაწეობაც საკმაოდ გვიან დაიწყო. რეჟისორი უპირატესობას არაპროფესიონალ მსახიობებს ანიჭებს, რადგანაც მათ უფრო რეალურებად თვლის. ის ავლენს ცხადად საკუთარი ქვეყნის მანკიერებებს და ნეორეალიზმის პრინციპებზე აგებს თავის ფილმებს, რათა ის ყველასთვის გასაგები გახადოს.მის მიერ შექმნილ მრავალრიცხოვან ფილმთა სიაში არის სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები, რომლებიც მეტწილად ჟანრობრივად დრამის ნიმუშებს წარმოადგენს. პირადად, მოჰსენ მახმალბაფისთვის დამახასიათებელია მცირე და მარტივი დიალოგები, ის ხშირად გვევლინება თავის ფილმებში  რეჟისორი_მსახიობის სახით, რომლის მიღმაც ისევ თვითონ დგას, როგორც რეჟისორი.

მახმალბაფების ფაქტიურად ყველა ფილმი გარკვეულწილად დოკუმენტურია, რადგანაც ყოველი მათგანი რეალობიდან აღებული პრობლემებითაა ინსპირირებული, მხატვრული დამუშავება მეორე ფაზაა ამ კინოსთვის.

hqdefault.jpg

„თქვენ უნდა შეცვალოთ ხალხის აზროვნება და არა პრეზიდენტი ან მთავრობა“ – მოჰსენ მახმალბაფი.

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s