“პანიკური შეტევა”

23b2261152ebe7d3e3384590e1539cd2

BIAFF -ის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ვხვდებით პოლონელი რეჟისორის პაველ მასლონას ფილმს “პანიკური შეტევა”.მასლონამ იუმორისტული ნიშნებით რამდენიმე ადამიანის ისტორია გააერთიანა და აქცენტი გააკეთა ისეთ ადამიანურ განცდებზე, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, მარტოსულობა. აქ გადმოცემული ისტორიები ტრაგიკულ ნიშნებთან ერთად ატარებს კომიკურ ელფერსაც. მაგალითად თვითმფირინავის სცენა, სადაც შუა ასაკის წყვილის გვერდით მჯდომი მოლაქლაქე მსუქანი მამაკაცი რამდენიმე წუთში მკვდრად გვევლინება. ამ ფაქტის დამალვის მცდელობა, რომ თვითმფრინავი დროზე ადრე არ დაჯდეს, უფრო კომიკურ ხასიათს სძენს მთელ ისტორიას, რაც თვითმფრინავში ხდება, ვიდრე ტრაგიკულს, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ადამიანის გარდაცვალების თემა სულაც არ არის სასაცილო. ფილმში რამდენიმე ისტორია ეპიზოდურად ცვლის ერთმანეთს და ისევ უბრუნდება იმ მონაკვეთს, სადაც ერთი ისტორია გაწყდა მეორე ისტორიის შემოსვლით. ყველა ამბავი დამოუკიდებელია და აქვს თავისი განვითარება და დასასრულიც. გარდაცვლილი თვითმფრინავში, ქალი პანიკური შეტევით, რომელიც მარტო ახორციელებს თავის ფანტაზიებს, განქორწინებული წყვილი, დაბოლილი ბავშვი, მშობიარე პატარძალი და თამაშის აზარტში შესული მიმტანი – ყველა ეს პერსონაჟი მთავარ ფაბულას ქმნის ფილმში. მათი ისტორიები ქაოსურად ანაცვლებს ერთმანეთს. პერსონაჟები კი ელოდებიან ცუდ დასასრულს, “კატასტროფას.” მიმტანის პანიკა თამაშთან დაკავშირებით ძალიან იუმორისტულია, თუმცა ეს კომედია ტრაგიკულ დასასრულს პოვებს ბოლო ეპიზოდში, სადაც ის დედის იარაღის გასროლის მიზეზი ხდება, რაც სიცოცხლის დასასრულის გამომხატველია. აღსანიშნავია, ასევე პატარძლის მშობიარობის სცენა,ბავშვის დაბადება, რაც ანაცვლებს მიმტანის დედის სიკვდილს, როგორც დასაწყისი – გამოხატავს ადამიანის არსებობის წრეს დაბადებითა (დასაწყისით) და სიკვდილით (დასასრულით).

13251_1.7.jpg

“ნაწილობრივ ეს არის ფილმი, რომელშიც ვსაუბრობთ კატასტროფის მიდგომაზე. “პანიკის თავდასხმა” ასევე ყველაფერი, რაც ხდება მანამდე ქმნის გარდაუვალი კატასტროფის მოლოდინს. ” – განაცხადა თავად რეჟისორმა.

z20902566V,-Atak-Paniki---Relacja-z-planu-zdjeciowego-filmu

” პანიკის შეტევა “- თამამი დებიუტი, რომელიც ადასტურებს, რომ შემოქმედებითი ამბიციები და მაყურებლის სიამოვნებაზე ზრუნვა ყოველთვის არ არის ურთიერთგამომრიცხავი. პაველ მასლონა პოლონური კინოს მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელიც წარმოაჩენს კინოს უმაღლეს დონეზე, ქმნის უჩვეულოდ სუფთა, სასაცილო და მკვეთრ ვარიაციებს ფილმში არსებულ მრავალ თემაზე.
Atak-Paniki-T.jpg

Advertisements

ძველი ქართული კინო BIAFF-ზე

qartuli-panorama-natumis-kinofestivalze

ყოველთვის საინტერესოა თანამედროვე კინოში არსებული სიახლეებისთვის თვალისდევნება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ძველი კინოს ნიმუშები, მათ შორის აღსანიშნავი და გამორჩეულია ქართული კინო. BIAFF 2018 გახსნის დღიდან აშუქებს ქართული კინო კლასიკის ნიმუშებს. კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებიას” შემდეგ, ფესტივალმა მაყურებელს შეახსენა რამდენიმე ძველი ქართული ფილმი, მათ შორის “ფიროსმანი” (გიორგი შენგელაია 1969); “ჯიმ შვანთე” (“მარილი სვანეთს”- მიხეილ კალატოზიშვილი 1930წ); “ალავერდობა” (გიორგი შენგელაია 1962წ).
Без названия
“ფიროსმანი” მხატვრული ფილმია, რომელიც ცნობილი ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრებზე მოგვითხრობს. ნიკალაც იმ ხელოვანთა ბედს იზიარებს, რომელსაც სიცოცხლეში არ აფასებენ და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ხვდებიან მის ფასს. ფილმი ეხება ფიროსმანის ტრაგიკულ ბედს, მძიმე და სევდიან ცხოვრებას. ეს მნიშვნელოვანი სურათია იმ კუთხითაც, რომ ის თაობებს შემოუნახავს გენიალური მხატვრის ისტორიას. ფილმმა არაერთი პრიზი მიიღო, 1973 წელს მას გადაეცა ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია, 1974 წელს გრან-პრი “ოქროს ჰიუგო” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ამავე წელს მიიღო კიდევ ერთი ჯილდო აზოლოს საერთაშორსო კინოფესტივლზე.

p1010776.jpg

რაც შეეხება “ალავერდობას” ის რეჟისორმა გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო. ფილმში მთავარ როლს გეიდარ ფალავანდიშვილი ასრულებს. ფილმი ასახავს სახალხო ზეიმს, რომელიც ტრადიციულად ტაძრის წინ იმართება. ზეიმი იღებს ღრეობის სახეს, ამ ღრეობაში კი თითქოს იკარგება რწმენის და საკრალური ადგილის მნიშვნელოვნება, სულიერების ღირებულება რის გამოც ერთ-ერთი მონაწილე გურამი პროტესტს გამოხატავს. ის ილაშქრებს იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვისთვისაც იდეა ცრურწმენად, ზნეობრივი ტრადიცია ყალბ ტრადიციად ქცეულა. ამ ადამიანებს აქვთ ძალა პროტესტი განუცხადონ, აღდგნენ საკუთარი სიცარიელის წინააღმდეგ და სძლიონ კიდეც მას. ის ცხენით შეიჭრება ხალხში და ტაძარზე აძრომით ხალხის გამოფხიზლებას ცდილობს.ფილმის მთავარი გმირი ახერხებს წუთით მაინც გამოიყვანოს ამ მიძინებული, თრობის მდგომარეობიდან ტაძრის ეზოში შეკრებილი ხალხი და ეს იმპულსი შესაძლოა ხვალინდელი ნათელი აზროვნების დასაწყისად იქცეს. ფილმი 60-იანელთა ერთგვარ მანიფესტს წარმოადგენს. “თანდათან ვივსები ჟინით”, “წამით მაინც გამოვაფხიზლებ მათ მოდუნებულ ვნებას” – “ალავერდობის” გმირის მონოლოგი თითქოს ესადაგება საბჭოთა 60-იანელთა მეამბოხეობას. ზემოთხსენებულ ორივე ფილმში რეჟისორი იცავს სტილს, მთავარი პერსონაჟი დაუპირისპიროს საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, ეყოფა თუ არა ძალა მას ამისთვის ბოლომდე. გურამისთვის ვიწროა ცხოვრების სივრცე – იგი ცხენის ჯირითით არღვევს შეზღუდულ რეალობას, რომელშიც სისტემამ მოაქცია ადამიანები. ქართველ “სამოციანელებს”, მიაჩნდათ, რომ “ვნების სიმძაფრე შენებაშია” და არა ნგრევაში. ესაა ამ ფილმის გამოძახილიც…

med_1488801190_image

მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი “ჯიმ შვანთე” გადაღებულია უშგულში. რეჟისორი ეხება სვანეთში არსებულ მკაცრ და აუტანელ პირობებს, რომლის ატანაც უწევთ მოსახლეობას, მათ შორისაა მარილის უქონლობა და დეფიციტი. მარილის შესაძენად წასული მოსახლეობა გზად იღუპება. საბჭოთა ხელისუფლებას მოსახლეობის დასახმარებლად სვანეთში გზა გაჰყავს. „ჯიმ შვანთეს“ გადაღებამდე ერთი წლით ადრე კალატოზიშვილის გადამღები ჯგუფი გაემგზავრა სვანეთში, სადაც გადაიღო მასალა მხატვრულ-აგიტაციური ფილმისთვის „ბრმა“. გადამღებ ჯგუფს უსიამოვნება მოუვიდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რის გამოც სახკინმრეწვის ერთი თანამშრომელი მოკლეს. თბილისში დაბრუნებულებმა მასალა დაამონტაჟეს, მაგრამ ნაწარმოები დაწუნებული იქნა კონსტრუქციული წყობის და არა ნაწარმოების იდეის გამო. გამოუყენებელი ზღვა მასალისგან, რომელიც დაამუშავა და ხელახლა დაამონტაჟა შექმნა „ჯიმ შვანთე“. ფილმმა მაყურებელში არაერთგვარი დამოკიდებულება გამოიწვია. ჯიმ-შვანთეში“ კამერა ძალიან ექსპრესიულია. კამერის მოუსვენარი მოძრაობით რეჟისორი მუდმივ დაძაბულობას ქმნის. ფილმი ოპერატორთათვის დღემდე მნიშვნელოვან სასწავლო ნიმუშად ითვლება სწორედ კამერის მოქნილობის თვალსაზრისით.
ზემოთხსენებული ყველა ფილმი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული კინოს ისტორიაში.
images

FC- BIAFF

f916ab4f91594714db3a3df3e5d5ed24
საფესტივალო სეანსების ჩამონათვალში ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს მხატვრული კინოს საკონკურსო სექციის ფილმები. სწორედ ამ სექციის ორ ფილმზე ვისაუბრებ ამ ბლოგპოსტში. ესენია ივან ტვერდოვსკის “შეხტომა” (2018) და სემიჰ კაპლანოღლუს “მარცვალი” (2017). პირველი ფილმი უმიზეზოდ, მეორე კი თურქული კინოს თემებით დაინტერესებულმა შევარჩიე, თუმცა სამწუხაროდ ორივე შემთხვევაში ვერაფერი ვიპოვე ისეთი, რაც ჩემს კინემატოგრაფიულ გემოვნებას ოდნავ მაინც დააკმაყოფილებდა. შარშანდელი ბიაფფის სიიდან ერთ-ერთი საინტერესო სურათის რეჟისორმა მაყურებელი წელს გააწბილა, ყოველშემთხვევაში ის მაყურებელი მაინც, რომელთანაც სეანსიდან გამოსვლის შემდეგ აზრთა გაცვლა-გამოცვლა მქონდა. ფილმის სინოფსისი ასეთია – ახალგაზრდა ოქსანა თავის შვილს დენისს ტოვებს ე.წ “ბავშვთა ყუთში”. 16 წლის შემდეგ, ის აკითხავს შვილს და აპარებს თავშესაფრიდან, რითიც აბსოლუტურად იცვლება ბიჭის ცხოვრება, რომელსაც დედა თავის მოაზრეებთან ერთად მანქანებზე შეხტომით ფულის შოვნისკენ უბიძგებს, რაც ერთგვარად იქცევა კორუფციის ლეგალურ გზად, რომელშიც ჩართული არიან სამართალდამცავებიც.
MV5BMDBiZWUwZjEtZDE1Yi00OGNiLWI5YTktNmNhYjhlYTFmZmI3XkEyXkFqcGdeQXVyMjM0ODYwMjY@._V1_.jpg

თითქმის ყველა ფილმის ნახვის შემდეგ მრჩება ჩემეული ხედვა იმის შესახებ თუ, რატომ გადაიღო ფილმი რეჟისორმა, ან რის თქმა სურდა. “შეხტომა” სწორედ ამ კუთხით ცოტათი ბუნდოვან იდეას ატარებს. მართალია ფილმი არც ისე პოპულარულ თემას ეხება (კინემატოგრაფისთვის პოპულარულს ვგულისხმობ), შესაბამისად ამ კუთხით ის საინტერესოც შეიძლება იყოს, თუმცა საკმაოდ გაუგებარი?
ფილმი აშუქებს არშემდგარი “დედის” და შვილის არაორდინალურ ურთიერთობას, სადაც დედას შეუძლია შვილს უბიძგოს ცუდი ცხოვრებისკენ, ფაქტიურად დედა განაპირობებს შვილის ჭაობში ჩათრევას, მისთვის მიტოვებული ბიჭი ხდება ფულის შოვნის გზა. როცა წლების განმავლობაში მას არც ახსოვდა ის, ახლა ის მისგან სარგებლის მიღების გზებს სახავს. ეს არაა ტიპიური მშობლის სახე? თუმცა რეჟისორი აშკარად ცენტრში აქცევს ამ თარგს ფილმში, რომელშიც შვილისა და დედის ხაზი უფრო გამოკვეთილია. ყურადსაღებია, ასევე “უსამართლო” სამართლის თემა, პოლიციის ინსტიტუტის “გამსახარავება”, სადაც მათ მხოლოდ შეუძლიათ მათ მიერ “შეკერილი” საქმეები განიხილონ. ამ ფილმში ყველა კარგავს თავის ბუნებრივ ფუნქციას, იმ სტატუსის ქვეშ, რომელიც აქვს. პოლიციელი არ იცავს სამართალს, ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის მოწინააღმდეგედ გვევლინება, დედა შვილის მტრად. ყველაფერი პირიქითაა, ფუნქციებ და მნიშვნელობა დაკარგულია ყველას როლი, რადგან ირგვლივ ყველაფერი მატერიალიზებულია და მნიშვნელოვანი მხოლოდ ფულის შოვნის გზა ხდება. როგორც კი ბიჭის მანქანაზე შეხტომის მცდელობა კრახით მთავრდება, ის აგრესიას იმსახურებს ყველა თანამზრახველის მხრიდან, ამიტომაც ის თავის ჯავრს მანქანებზე იყრის ახტება მანქანებს და ტირის. აქედან სწორედ იმ მანქანის პატრონს მიჰყავს, რომელთანაც კრახით დასრულდა საავარიო სიტუაციის შექმნა. აგრესია, სიცივე, ცუდი დამოკიდებულებები უკან აბრუნებს ბიჭს თავშესაფარში, სადაც უფროა მისი ადგილი, ვიდრე იმ რეალობაში, რომელშიც მოულოდნელად მოხვდა და რომლისგანაც თავისი ნებით გაიქცა. ის უბრუნდება ერთგვარ ჩაკეტილ, შემოსაზღვრულ სივრცეს, რომელშიც მან უფრო მეტი თავისუფლება იპოვა და თავისი ადგილი, ვიდრე იქ სადაც მისი მშობელია…
ფილმი არის პროექცია მოზარდის ცხოვრებაში საზოგადოების გავლენაზე, აქცენტირებულია გარემოს მნიშვნელოვნება და დამოკიდებულებების როლი.

MV5BYWEzNDcxNzgtZjkyOS00YzcwLThkMzUtMDFlNTc0ZWQ4NzI1XkEyXkFqcGdeQXVyMTkyOTIwMTU@._V1_

რაც შეეხება ფილმს “მარცვალი” – ეს გახლავთ 123 წუთიანი კინემატოგრაფიული დროის ფლანგვა, ჩემი აზრით, ფილმი იმდენად ღრმად ჩაიმარხება კინოს ისტორიაში, რამდენადაც ფილმის ბოლო სცენაში იყო ჩამარხული ხორბალი მიწაში, თუმცა ამ შემთხვევაში “მარცვალის” ამოჩიჩქვნას არავინ შეეცდება და ზედაპირზე ამოტანას. ამ ფილმისთვის სათქმელთან შედარებით ძალიან ბევრი დროა გამოყოფილი და შესაბამისად ფუჭად დახარჯულიც. უკიდეგანოდ გაწელილი არაფრისმთქმელი კადრები მხოლოდ მოწყენილობას თუ გამოიწვევდა მაყურებელში. მაგნიტური ფარებით დაცულ ქალაქში ორი ადამიანის მიერ მოსავლის შექმნა ძალიან ყალბ ფონზე ვითარდება, ამიტომაც ფილმი ვერ ქმნის განცდას, რომ მასში არსებობს რეალური პრობლემა, ან მიზანი, რომელსაც შეიძლება მაყურებელი მიჰყვეს ფილმის ბოლომდე. რეალურად მარცვლის ძიება იმდენად არადამაჯერებელ ფონზე ვითარდება, რომ ძნელია იგრძნო პერსონაჟების გვერდით თავი ამ ისტორიაში და მოირგო შენი როლი, როგორც მაყურებელმა, რომელსაც შეგწევს უნარი უთანაგრძნო პერსონაჟს, ან განიცადო მასთან ერთად, თუმცა ეს სურვილები აქ სრულიად უადგილოა, რადგანაც მაყურებელს ის განცდა, რომ ამ ისტორიას გრძნობ აბსოლუტურად არ უჩნდება, რადგანაც ყველაფერი ყალბ (კინემატოგრაფიულ) ნიადაგზე ვითარდება…

grain-1-h_2017

BIAFF 2018

IMG_6535.JPG

დღეს ბათუმის ხელოვნების ცენტრში ბიაფფმა სტარტი აიღო…
ფესტივალის გახსნაზე, ტრადიციულ კინემატოგრაფიულ ვიდეო კოლაჟსა და მთავრობის წარმომადგენლების მისასალმებელ სიტყვებს მოჰყვა საპატიო ჯილდოს გადაცემა, რომლითაც ქართულ კინოში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვეს ქართველი ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, რომელსაც ჯილდო პირადად ფესტივალის ორგანიზატორებმა გადასცეს…
Без названия.jpg
სპეციალურად ფესტივალის გახსნის ღონისძიებისათვის მოწვეული გერმანიაში მოღვაწე პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი აკომპანიმენტს უკეთებდა ერთ-ერთი ძველ და ქართული კინემატოგრაფის ისტორიაში საკმაოდ გამორჩეულ კინოფილმს “ჩემი ბებია”. ტაპიორის როლი ფილმის ემოციურ განწყობას ერგებოდა და ერთგვარ მუსიკალურ, ხმოვან დრამატურგიას ქმნიდა, იმ ისტორიისა, რომელიც საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ (ხშირად ტექსტუალურად ტიტრებით) გამოხატულია ვიზუალურად.
maxresdefault
ფილმი გადაღებულია 1929 წელს კოტე მიქაბერიძის მიერ. კინემატოგრაფში მოღვაწეობა მსახიობობით დაიწყო, თუმცა მისი როლი ქართული კინოს ისტორიაში, როგორც რეჟისორის უფრო დიდია, ვიდრე მსახიობის. ამის თქმის საფუძველს მისი უკვდავი ფილმი „ჩემი ბებია“ იძლევა. კოტე მიქაბერიძემ სადებიუტო ნამუშევრით საბჭოთა სივრცეში კრიტიკისა და განსჯის გარდა დიდი სკანდალიც გამოიწვია და ფილმი 38 წლის განმავლობაში ე.წ თაროზე შემოდებულ უამრავ ფილმთა შორის აღმოჩნდა. იმ დროინდელი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს გასაკვირი არცაა, პირიქით საკმაოდ მოსალოდნელი რეაქცია იმ ბიუროკრატთა მხრიდან, რომლებსაც ფილმში მიქაბერიძე ოსტატურად „აშარჟებს“.
შავ-თეთრი, ანიმაციური, პლასტიკური გამომსახველობითი ელემენტებით რეჟისორი საოცარ დინამიკასა და რიტმულობას ქმნის. გროტესკული სახეები და მათი ვიზუალიზაციის ფორმა ფილმს კომიკურ ელფერს სძენს და მასში ერთ-ერთი საინტერესო კინემატოგრაფიული ჟანრის კომედიის ნიშნებს ავლენს. მხიარულ სცენებს, ანიმაციებს, მოძრაობას საოცარი ენერგეტიკა და საინტერესო მუხტი შემოაქვს კინოსურათში.
ერთი შეხედვით ფილმის ფაბულა შეიძლება მარტივ ამბამდე დავიყვანოთ თუმცა მისი გამოსახულება ნაკლებად ექვემდებარება თხრობით (სიტყვიერ) საშუალებებს. ერთ-ერთ დაწესებულებიდან დაითხოვენ თანამდებობის პირს ბიუროკრატს, რომელსაც ცოლი გაყრით ემუქრება, თუ სამსახურს არ იპოვის. კაცი ძლივს პოულობს „ბებიას“ ე.ი პროტექტორს და ცდილობს მისი მეშვეობით მოიგვაროს პრობლემები. „ბებია“ უწერს მას წერილს, სადაც მიმღებს მიმართავს, რომ ეს კაცი არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს სამსახურში, რითიც ანტირეკლამას აკეთებინებს ადამიანს საკუთარი ხელით საკუთარ თავზე, რომელზეც თვითონ არაფერი იცის. ამ მოკლე სინოფსის მიღმა ტექნიკური გამომსახველობითი საშუალებებით იქმნება კინოსურათის დრამატურგია და ვრცელი გროტესკული ატმოსფერო. მთელი ფილმი სავსეა ისეთი ეპიზოდებით, რომლებიც ცენზურის ქვეშ უსათუოდ მოექცეოდა.მათ შორისაა მაგალითად სცენა, როდესაც ერთ-ერთ კარზე აწერია: თათბირია, მიღება არ შეიძლება, კარს მიღმა კი თანამდებობის პირი საბავშვო მანქანით თამაშობს მეტიც, ამ სათამაშოს ის არ უყოფს აცრემლებულ თანამშრომელს.
ფილმში რეჟისორი თანამდებობის პირებს, სახავს არა როგორც ადამიანებს პიროვნული ნიშნებით, არამედ როგორც თანამდებობებს, რომლებიც სწორედ თანამდებობათა სახელებით გვევლინებიან და არა საკუთარი ადამიანის სახელებით, ეს ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს რეჟისორის დამოკიდებულებას მათ მიმართ, რომლებსაც ის ადამიანურ ღირსებებს აცლის და მათ მხოლოდ სამსახურეობრივი პოზიციებისა და წოდებების ანაბარა ტოვებს. ფილმის გამოსვლიდან მალე მან დიდი ყურადღება მიიპყრო. ხშირად საუბრობდნენ ჟანრის განსაზღვრასთან დაკავშირებითაც . ფილმი კომედიისა და დრამის ჟანრის პირდაპირი ნიმუშია.

031
ფილმში გაჟღერებული ფრაზები აბსოლუტურად გამოხატავს საქმისა და უსაქმურობის დაპირისპირებას. ფილმი გვახედებს მაღალ პოზიციაზე მყოფი ადამიანის დაბალი ხარისხის შინაგან მდგომარეობაში. საინტერესოდ ისახება ადამიანის ზეაწეული მდგომარეობის გარეგნული ნიღაბი და ნიღბის მიღმა არსებული საცოდავი „მწერი“. აღსანიშნავია კარდებს შორის არსებული სვლების კონტრაქუნქტულობა, თემები ერთმანეთს ენაცვლება დიდი წინააღმდეგობრივი ხასიათით. რეჟისორთან ერთად ფილმში იგრძნობა კინო მხატვრის დეკორატორებისა თუ ოპერატორის ოსტატობა. პერსონაჟები გრიმის საშალებით მეტისმეტად უშნოდ არიან წარმოჩენილები, რითიც მათი შინაგანი სიმახინჯის იდეის ფარული გაჟღერება ხდება. ფილმი საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს „მხილების“, გამოაშკარავების მხატვრული ფარული გზების ძიების კუთხით. 1967 წელს ის კინო ეკრანებს დაუბრუნდა , რასაც საბედნიეროდ რეჟისორიც მოესწრო. 2018 წლის ბიაფფის გახსნაზე კი ფილმი მუსიკალური თანხლებით კვლავ იხილა მაყურებელმა დიდ ეკრანზე.
untitled-678x381.jpg

ხვალიდან მაყურებელი კინოთეატრ “აპოლოს” ეკრანზე იხილავს სხვადასხვა ქართულ და უცხოურ კინოსურათებს…

B-I-A-F-F

Image

images (1)

ისე არაფერი არ უხდება ჩემს ქალაქს როგორც ზაფხულში მზე და ზღვა, შემოდგომის ბათუმს კი კინოფესტივალი, როცა სინთეზური ხელოვნება და ზღვის სუნი ერწყმის ერთმანეთს… ყველაფერი განსაკუთრებულია ჩემთვის რაც ბათუმს უკავშირდება და კინემატოგრაფს, მითუმეტეს სასიამოვნოა როცა ორივე ერთმანეთთან კავშირშია.
” ბარხატის სეზონს ” მრავალფეროვან ფონს უქმნის კინოთეატრის წინ შეკრებილი საინტერესო სიახლეების მომლოდინე მაყურებლები, რომლებიც სეანსებს შორის შიგადაშიგ ახერხებენ ზღვაზე გასვლას, გარუჯვას და უკან დაბრუნებასაც…

images

ბათუმი, ზღვა, მზე და კინო საოცარი ტანდემია, რომელიც კომბინირებული სიამოვნებას სთავაზობს ქალაქში ჩამოსულ დამსვენელსა თუ ადგილობრივებს. წლების განმავლობაში სექტემბერს თან ახლავს გაუცნობიერებელი მოლოდინი საინტერესო სანახაობისა, რომელსაც ახალი კინო კვირეული გთავაზობს, მისაღები ემოციით (რომელიც როგორც მინიმუმ მთელი თვე გაგყვება ) ინფორმაციით, სიამოვნებით, სიახლეებით და ა.შ. წელსაც ასეთივეა ბიაფფ-ისადმი მოლოდინი სიახლეებით და საინტერესო მოვლენებით სავსე, სადაც იქნება დიდი დოზით კინემატოგრაფი, ბევრი საინტერესო კინო სიახლე თუ კინო სახე…

ბიაფფ- 2018 16-23 სექტებრის განმავლობაში შემოგვთავაზებს საინტერესო კინო სიახლეებს, მასტერკლასებს…

სტამბოლი

istanbul-wide-croppedრამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა გაუაზრებელი, აკვიატებული და ყველაზე ჩემეული სურვილი წავსულიყავი სტამბოლში და ვყოფილიყავი ამ ქალაქის ნაწილი, რადგანაც ის ჩემი ნაწილი წლების განმავლობაში იყო იმ შთაბეჭდილებების შემდეგ, რომელიც ორჰან ფამუქის, ელიფ შაფაქის წიგნებიდან შევიგრძენი. ფამუქის შემთხვევაში უფრო ნათლად და მკაფიოდ აღიქმება სტამბოლი, როგორც სულიერი ორგანიზმი და წიგნის მთავარი მოქმედი პერსონაჟი. ამ ავტორმა და სხვადასხვა ფილმმა იმდენი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ ეს ქალაქი აკვიატებად მექცა.

წლების წინ დავწერე სწორედ ამ სურვილისა და იმ წარმოდგენების შესახებ, რომელიც რეალურად მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, ფამუქის აღწერების მიხედვით შექმნილი სტამბოლი.

_CSC0654.JPG

ახლა კი სტამბოლი უკვე აღარ არის მხოლოდ ჩემს მიერ წარმოდგენილი სულიერი ორგანიზმი. მე ის იმდენად მძაფრად შევიგრძენი, რომ უკვე იქცა არამარტო ჩემი წარმოსახვის ნაწილად, არამედ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებადაც.

_DSC0460.JPG

სტამბოლის კინო ფესტივალზე ჩასულმა კინემატოგრაფი ვიგრძენი ყველგან. თვითონ სტამბოლიც ძალიან კინემატოგრაფიული ქალაქია. ერთი ქუჩაც კი, არასოდეს არ არის ერთ წამშიც იგივენაირი. ის ძალიან ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად ცვალებადი, რასაც ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობ.

პირველი შთამბეჭდავი ეფექტი, რაც ღრუბლებს ზემოთ ყოფნას ჰქონდა იყო პირველი პლიუსი ჩემს სურვილებში: 1) ფრენა +

მეორე პლიუსი კი, რომელიც რეალურად ჩემი სურვილების ლიდერი იყო 2) სტამბოლი +

გოკჩენის აეროპორტიდან ტაქსიმის მოედნამდე განვლილი მანძილი, რომელსაც ერთი საათი მაინც დასჭირდა ფიქრში გავატარე. ავტობუსის ფანჯრიდან თვალს არ ვაშორებდი ქუჩას, შენობებს, შთამბეჭდავ გამწვანებებს, ყვავილნარს და ყველაფერს რაც მინის მიღმა ჩანდა. თუმცა ეს არ იყო ის რასაც მე ველოდი, ენით აღუწერელს, ემოციურს, წარუშლელს. გზად სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი რჩეული ქალაქი ბათუმი მაინც ყველაზე საუკეთესოდ დარჩებოდა ჩემს ცხოვრებაში. არც ვაპირებდი ჩემი ბათუმის ამხელა მეგაპოლისთან შედარებას, თუმცა მაინც მიელვებდა თავში ათასი მსგავსი ფიქრი.

-ნუთუ სულ ესაა?

ტრაპიზონში უკვე ნანახი დაბალჭერიანი და არაფრით გამორჩეული შენობები ამოზრდილიყვნენ მაღალ სართულიანი ცათამბჯენების გვერდითა და შორიახლოს…

რამდენიმე წუთიც და ჩემს წინაშე სხვა სამყარო იშლება. ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდი და არ დამხვდა აეროპორტიდან ჩამოსულს. ეს ტაქსიმია, ტაქსიმის მოედანი და ულამაზესი ფერადი და ჰიბრიდული ტიტები.

-აი ესაა – გავიფიქრე მე

ასეთს ნამდვილად ველოდი. თვალუწვდენელს, ქაოსურს, მრავალფეროვანს, გიჟურს…

ამჯერად შთაბეჭდილება და ნანახი წარმოდგენილს აღემატებოდა და მოლოდინსაც  გადააჭარბა.

თითქოს ეშმაკმა პირდაპირ ჯოჯოხეთის კარში გაგვიძღვა. ღია კარიდან ალბათ ჯოჯოხეთიც ასეთი ლამაზი უნდა იყოს რომ მასში შემსვლელი შეიტყუოს.

ჩემი მშვიდი სამოთხის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღით დავტოვე, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ყველაზე მაგარი ჯოჯოხეთი, რაც კი ამქვეყნად შეიძლება არსებობდეს. ყოველშემთხვევაში იმათ შორის, რაც მე აქამდე მიხილავს. ეს ქალაქი ძალას გაცლის, მაგრამ ენერგიას გმატებს. ქანცგაწყვეტილიც კი არასოდეს იღლები. ნაბიჯს მაშინაც დგამ, როცა არ შეგიძლია და ფეხები გაბჟუებული არ გემორჩილება, თუმცა შენ წინ მიიწევ. მიიწევ იმიტომ, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაც ახალს და საინტერესოს ელი, რაც შენში გაოგნებას, ზღვა შთაბეჭდილებას, აშლილ ემოციებს და სასიამოვნო განცდებს გამოიწვევს. თუმცა ეს ყველაფერიც ქაოსშია, ისევე როგორც შენ. სტამბოლში მყოფს ლამის ყველაფერი დამავიწყდა, ფიქრიც, მონატრებაც, მიჩვევაც და ა.შ. მხოლოდ ჰაერში ყოფნას ვგრძნობდი, დაბნეულობასა და თავბრუსხვევას. აქამდე არასდროს არ ჰქონია თავბრუსხვევას ასეთი ეფექტი- ასეთი მომაჯადოებელი.

ისტიკლალი – ესაა ქუჩა, რომელიც თავისუფლად შეიძლება წარმოიდგინო სიცოცხლედ, რომელიც დაღამებისა და გათენების მონაცვლეობას ატარებს. დილით რვა, ცხრა საათიდან კანტაკუნტით შეინიშნებოდა ადამიანები, ტრამვაი, ორივე მხარეს ქაოსურად მოსიარულე მანქანები და სულ რაღაც ერთ საათში ეს სურათი აბსოლუტურად სხვა მხატვრის ნახატს მოგაგონებდათ. ათასობით ადამიანი ერთმანეთში ირევა, მანქანებთან ერთად. ნემსის ჩასაგდები ადგილიც შეიძლება არ დარჩეს. ეს ქუჩაა სიცოცხლის (დილით) და გარდაცვალების (ღამით) საუკეთესო მაგალითი. თუმცა რაც ყველაზე კარგია ის ყოველდღე ახალი ფილმივით ახლიდან იბადება, თავისი ახალი სცენარითა და პერსონაჟებით.

_DSC0592.JPG

ფუსუნის კაბა – ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი”

_DSC0771.JPG

უსკუდარი “Maiden Tower”

_DSC0734.JPG

_DSC0014

გულჰანეს პარკი

_DSC0541.JPG

_DSC0046

_DSC0076.JPG

_DSC0149.JPG_DSC0180.JPG

_DSC0218.JPG

რაჰმი კოჩის მუზეუმი

_DSC0219.JPG_DSC0268.JPG

_DSC0251.JPG

რაჰმი კოჩის მუზეუმი

IMG_0846.JPG

აია სოფია

GALATA.JPG

გალათას კოშკი

Sora

ხედი გალათას ხიდიდან

IMG_E0668.JPG

გალათას ხიდი

ბაზილიკა ცისტერნა (29).JPG

ბაზილიკა ცისტერნა

ტაქსიმის მოედანი (56).JPG

ტიტების ფესტივალი; ტაქსიმის მოედანი

IMG_0612.JPG

უმანკოების მუზეუმი

Sora_DSC0014.JPG

 

სიტყვა “მიყვარხარ”

………………………………………………….
ერთხელ მე გკითხავ როგორა ხარ და ველი პასუხს,
არ შემრჩა ისევ მოთმინების დრო წამზე მეტი.
მეორედ მე კვლავ გირეკავ და ვიხსნი ჩვენს წარსულს
ამ მეგობრობის მოგონებას ვუხდები ღმერთი.

მაგრამ მესამედ მოთმინების ამევსო თასი
თავმოყვარე ვარ, განა სიტყვას არა აქვს ფასი?
მინდა სითბო და სიყვარული მეც ვიგრძნო შენი
მეგობარი ხარ, ეს სიტყვა შენ რარიგად გშვენის.

დრო ძალზე ბასრი იარაღი აღმოჩნდა შენთვის
ვერ უძლებს მისგან ნაკარნახევ წეს-ჩვეულებებს,
ვიღაც რიგითი შეიძლება იპოვო ხალხში
ვისი მაგიდის წევრად ხვდები ამ წვეულებებს.

მაგრამ რა ხდება როცა ბოლო მოუჩანს ზეიმს
როცა ღრეობას თავს დააღწევ, გაგივლის თრობა
საკუთარ თავთან როცა რჩები ეული, მარტო
მაშინ ახლიდან სიამაყით დავიწყებ თხრობას.

წრფელ წყაროს სუფთა ანკარა წყალს დავუსხამ ყველას
უნდა დალიო მოთმინებით, კრძალვით და ფრთხილად
რომ არ დაშრიტო მეგობრობის ბოლომდე ალი
რომ დაიტოვო საკვებად შენ მწყურვალემ წყალი.

ეს მეგობრობაც ასეთია, ასეთი ნაზი
წვეთები ავსებს ფიალას აქ კანკალით ნელა
ის წვეთი არის საზრდო სწორედ იმ ერთი ღამის
როცა გცივა შენ, მაშინაც კი ყველას რომ ცხელა.

სწორედ რომ მაშინ ქვეყნად არვის, არ ესმის შენი
არ გინდა იყო სევდის შვილი, დაუდგე თანღვრად
შენც გინდა ახლა რომ დაიპყრო ბებერი გრემი
ზუსტად ამაღამ, აქ, ამ წუთას და აი ამ წამს.

წვეთწვეთად განვლე მე ყოველი ამ სოფლის ბოლო
მოხუცი უკვე ბუნდოვნებით ვიხსენებ წარსულს,
ამ ჩემს ნაოჭებს კვლავ დავცქერი ვით საწყალ ობოლს
როგორც ნაწყენი, გაბუტული, მტირალი ბავშვი.

და ქრება დროის ფერმიმკრთალი მიმოსვლა ჟამთა
დრო გარბის ახლა, მოგონება ისევ არ იცდის
უკვე არ ვიცი ქვეყნად მოვა ის ვისიც მრწამდა?
მაგრამ კარღია ყოველღამე მე კვლავ დაგიცდი.

გულს ვუღებ კარებს ვერ შეამტვრებ, არ ძალგიძს ვიცი
სახლის კი კარი ჩარაზული მაქვს უკვე დიდხანს
უკვე მეასედ, მეათასედ მე ისევ გიცდი
ვარ დაქარგული, ქარაგმული და მცივა მზის ჟამს.

ოჰ ისე მალე შეიცვლება სიტყვების ფასი
და იგი უცებ მუჭად შეკრავს კაცთა რაობას
რომ დაილევა აქ უზომოდ ეს ღვინის თასი
და ნამთვრალევებს გააღვიძებს ახალგაზრდობას.

ერთხელ მოწერილ როგორა ხარს შენ კიდევ ელი
კარგად – პასუხი კი არ არღვევს ამ მძიმე წამსაც,
გულში მალულად ჩაგერტმება წყეული ცელი
მაინც უყვარხარ, ბასრად გარტყავს, თუმცა ფარულად.

ერთია იგრძნო, მეორეა გათქვა სიმართლე
ეს შენი გრძნობა ფარულია ერთ დროს განთქმული
მეგობრობაა, კაცთა წარღვნა, შენ რომ ინათე
სწორედ ამ წარღვნას ვერვინ ვერ ვთმობთ ჩუმად, ფარული.

ბოლოს მსურს გითხრა, ერთი მუდამ გახსოვდეს კარგო
სამყაროს წესი, თავს უძახო სად ხარ, ვინახარ
არ გაიფიქრო დავიწყება საყვარელ და-ძმებს
ყოველდღე უთხრა დილით სისხამ სიტყვა “მიყვარხარ..”.

მ.მსხალაძე
11-02-2018

ბედის ირონია

 

ამბავი, რომელსაც მოვყვები არ ვიცი სად და როდის მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად მოხდებოდა ოდესმე, სადმე დედამიწის ზურგზე. ესაა ამბავი გაწბილებული კაცისა. როგორც ზღაპარი ეს ამბავიც ასე დაიწყო…

იყო და არა იყო რა.

იყო ერთი სოფელი, რომელშიც ყველა ამბავი ელვის სისწრაფით ჩაიქროლებდა და ყველა სახლის კარებში აღწევდა, შემდეგ კი ყველა ენა ახმოვანებდა მას. ასე გავარდა მოულოდნელად ერთი ჭორიკანა დედაკაცის პირიდან სოფლის მდინარის განაპირა მხარეს მცხოვრები ერთი გლეხის ოჯახის გამდიდრების ამბავი.

ოჯახის ქალიშვილი სოფლის ავტობუსში რამდენიმე ოქროს ბეჭდით შენიშნეს. ჭორიკანა დედაკაცმა მისი დაკითხვა გადაწყვიტა.

  • ეს ამდენი სამკაული საიდან? ნუთუ ლატარია მოიგეთ და ოქროთი აივსეთ- ჰკითხა ჭორიკანა დედაკაცმა ახალგაზრდა ქალს.
  • არა დეიდა მერი, ნუთუ არ გაგიგიათ, დავინიშნე და ეს ჩემი მეუღლის ნაჩუქარი ოქროს სამკაულებია – ამაყად მიუგო გოგონამ
  • ძალიან ლამაზია შვილო, გილოცავ – თქვა ჭორიკანა ქალმა და გაიფიქრა, ეს რამდენი ოქრო მოუტანიათ, ნამდვილად მდიდარი საქმრო უპოვია ამ გლეხი კაცის ქალიშვილსო.

 

გავიდა რამდენიმე დღე და ეს ამბავი არამარტო სოფელს მოედო, არამედ მის ფარგლებსაც გასცდა. ჭორიკანა დედაკაცის ნაამბობი სოფელში საეჭვო რეპუტაციის მქონე ყმაწვილ კაცებმაც შეიტყვეს და დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ თუ რა ეღონათ, რომ უცებ გამდიდრებული გლეხის ოჯახის სიმდიდრე ხელში ჩაეგდოთ. რამდენიმე დღიანი ქაოსის შემდეგ ხმა გლეხის გამდიდრების შესახებ თვითონ გლეხის ყურსაც მისწვდა და ოჯახს უამბო, რომ მთელი სოფელი მათზე საუბრობდა. გოგონა ძალიან გახალისდა ამ ამბით და გულიანად იცინა ამაზე, თუმცა რატომ ჯერჯერობით არავინ იცოდა.

 

გოგონების ოჯახის ღიმილიანი სახეების ფონზე ჩაიარა ნიშნობამ, გახარებულმა მშობლებმა ისაუბრეს ქორწილის შესახებაც. დაიგეგმა ქორწილი და დაიწყო ფუსფუსი ქალიშვილის ოჯახში, რომელმაც თითოეული თეთრი მოიძია, საქონელი გაყიდა, მოსავალი სწრაფად აიღო, რომ მდიდარ მძახალთან თავი არ შეერცხვინა და გოგონაც შეძლებისდაგვარად კარგად გაემზითვებინათ.

 

ასე ჩაიარა რამდენიმე დღემ.

გოგონას ოჯახში საქორწინო სამზადისია.

სოფელში კი ისევ არ ჩამცხრალა გლეხის ოჯახის ქალიშვილის მდიდარი საქმროს ამბავი.

სოფლის ცენტრში მდგარ გაჩერების სადგურში კი საეჭვო რეპუტაციის ბიჭები ასევე საეჭვო გეგმებს სახავდნენ.

 

ერთ დღესაც მამლის ყივილმა ტრადიციულად გამოაფხიზლა სოფელი და გავარდა ხმა, ქურდობის შესახებ. გლეხის ოჯახი გაუქურდავთ და ქალიშვილისთვის საქმროს მირთმეული სამკაულებიდან ყველა წაუღიათ, ხელი მეტი არაფრისთვის უხლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქურდებმა სწორედ გლეხის გამდიდრების ამბის გაგების შემდეგ გადაწყვიტეს მისი გაქურდვა. გლეხი კაცი საგონებელში ჩავარდა, რა უნდა უთხრას სასიძოს ოჯახს. ის ცოლთან ერთად გოდებას მოჰყვა.

 

  • ქალო რა ვიღონოთ ახლა, როგორც იქნა ჩვენი ოცნება ასრულდა, ძლივს იპოვა ჩვენმა გოგომ მდიდარი საქმრო და ეს რა დაგვემართა, ვაი, ვაი – ამოიკვნესა კაცმა.
  • დამშვიდდი კაცო, რამე არ მოგივიდეს, იქნება ჩვენმა პოლიციამ გამოიძიოს, ღმერთი არ გაგვწირავს, არა – მიუგო ქალმა.
  • ღმერთის იმედად როგორ ვიყოთ, სიძე, რომ მოვა და ცარიელი თითებით დახვდება ჩვენი გოგო რა ვუთხრათ
  • რამეს მოვიფიქრებთ
  • ტყუილს ვერ ვიტყვით ფულიც არ გვაქვს, რომ ახალი სამკაულები ვუყიდოთ ჩვენს გოგოს
  • დამშვიდდი რამე არ დაგემართოს
  • როგორ დავმშვიდდე- აღმოხდა კაცს და თვალები გადაატრიალა
  • ვაიმე მიშველეთ შვილო- დაიძახა ქალმა. გოგონა ოთახიდან გამოვიდა, ის ცოტათი განიცდიდა ამ ამბავს მაგრამ არც ისე, როგორც მისი მშობლები
  • რა მოხდა დედა
  • მამაშენი ცუდადაა შვილო, სასწრაფოდ სოფლის ექიმთან წადი
  • კი მაგრამ დედა დამშვიდდით, ასე ნუ განიცდით
  • როგორ არ განვიცადოთ შვილო შენი ბედი წყდება, შენი საწყალი ბედი- წაიბუტბუტა ქალმა და შვილს ექიმის ფული გაუწოდა, გოგონამ ქურთუკი მოიხურა და გაუდგა გზას, ექიმის მოსაყვანად. ამ დროს დივანზე მიგდებულმა მამამ თვალი გაახილა და ამოიკვნესა
  • ეჰ, ეს რა დღე დაგვიდგა ღმერთო, ეს რა განსაცდელი დაგვიდგა- აღმოხდა კაცს.

 

ამ დროს გოგონა სოფლის შარა გზაზე მიაბიჯებდა და ფიქრობდა თან თავის გეგმებზე, ისიც ადარდებდა, რომ მშობლები მის ამბავს განიცდიდნენ, თუმცა მათ დამშვიდებასაც ვერ ახერხებდა. უცებ თვალწინ წარმოუდგა  მისი და მისი ასევე ღარიბი საქმროს შეთანხმება, რომლის წყალობითაც ის მდიდარი ყმაწვილის საცოლის როლში უნდა გამოჩენილიყო სოფელშიც და ოჯახშიც, რადგან ოჯახის თანხმობა მოეპოვებინა ქორწინებაზე.

გოგონას მშობლები ბავშვობიდან უნერგავდნენ გოგონას რომ აუცილებლად მდიდარი საქმრო უნდა ეპოვნა, რადგან სიღარიბისთვის თავი დაეღწიათ. გოგონას ჩანაფიქრიც ასეთი იყო, რადგანაც ძალიან მობეზრებული ჰქონდა ამ სოფლის ყოფა, გაჭირვება და მასაც სურდა ამ მდგომარეობისგან თავის დაღწევა სარფიანი ქორწინებით, თუმცა სიყვარული დაუკითხავად შემოვიდა მის გულში და ვერ დააღწია თავი მას. ბევრი ფიქრის შემდეგ კი საქმროს მოელაპარაკა და რამდენიმე თვის ნაგროვები დანაზოგით წავიდნენ ბაზრობაზე, სადაც ერთ იუველირს მიაგნეს, რომელსაც უბრალო ლითონის სამკაულები შეეძლო ოქროსფრად ისე შეეღება, რომ მის სიძვირფასეში ეჭვი არავის შეპარვოდა და მხოლოდ ოქრომჭედელი თუ მიხვდებოდა მის ფასს, ისიც სპეციალური შემოწმების საფუძველზე. გეგმის თანახმად ადვილად მოტყუვდებოდა გოგონას ოჯახი, რომელსაც საქმრომ რამდენიმე ოქროს ბეჭედი, ოქროს ყელსაბამი, სამაჯური და საყურეები მოუტანა.

 

ეს ძღვენი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა გოგოს მშობლები თავს იქებდნენ გოგონას მომავალი ბედით.

მთელი სოფელი ამ ამბის ირგვლივ ალაპარაკდა.

გოგონა კი ფიქრობდა, რომ სიყვარული შეაძლებინებდა ეს ყალბი სამკაულები ნამდვილად წარმოედგინა და ოდესმე თავის ქმართან ერთად შეძლებდა უამრავი ნამდვილი ოქროს სამკაულის ყიდვას. ნიშნობაზე, რომელიც თანამედროვე წესით ძალიან ვიწრო წრეში იმართება, საქმრო მარტო იყო საცოლის ოჯახში და მშობლების საქმიან ვიზიტზე საზღვარგარეთ ყოფნა მოიმიზეზა. რადგანაც ასევე გლეხი და ღარიბი მშობლების გამოჩენა სიმართლეს გამოააშკარავებდა და შესაძლოა გოგონას ოჯახი ამ ქორწინების წინააღმდეგ წასულიყო.  გოგოს ოჯახი ცალკე ცდილობს მდიდარი მძახლებისთვის თავის მოსაწონებლად გოგოს მზითევისთვის ფული შეაგროვოს და თავის მხრივ საქმროც საგონებელშია, დღე და ღამე  მუშაობს, წელებზე ფეხს იდგამს, რათა დააგროვოს თანხა, რომელიც ქორწილის გასამართად სჭირდება.

 

ამასობაში ფიქრებიდან გამორკვეული გოგონა მიადგა სოფლის ექიმის სახლის კარს და ექიმს მამის ამბავი უთხრა და სახლისკენ გაუძღვა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ოჯახი დამშვიდდა, რადგანაც მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო საგანგაშო. გოგონას პრობლემა კი მაინც მოუგვარებელი დარჩა. გოგონა ფიქრობდა სიმართლის გამხელას ოჯახისთვის თუმცა ეს ძალიან ხელის შემშლელი იქნებოდა მისი ქორწინებისთვის. ამიტომაც გადაწვიტა საქმროს ნახვის შემდეგ მასთან ერთად მოეფიქრებინა როგორ გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან.

 

სოფლის ჭორიკანა დედაკაცები ახლა გლეხის გაქურდვის შესახებ ჰყვებიან მთელს სოფელში. ქურდები კი ნაქურდალის გასაღებას ცდილობენ.  რამდენიმე ახალგაზრდა კაცი შეიკრიბა და წავიდნენ ქალაქის მიმართულებით ფრთებშესხმულები, გამდიდრების მოლოდინში. თუმცა იუველირთან მისულები გაწბილებულები დარჩებიან.

 

 

  • გამარჯობა ბატონო – მიესალმა იუველირს ახალგაზრდა კაცი და მეგობრებთან ერთად შეაბიჯა ოქროს ბაზრობის შენობაში, ერთ-ერთ მაღაზიაში.
  • გამარჯობა – მიესალმა იუველირიც.
  • ძალიან ძვირფასი სამაკულები გვაქვს, დედას გაუჭირდა და გადავწყვიტეთ გავყიდოთ – განუცხადა იუველირს ქალაქის მთავარ ოქროს ბაზრობაზე ერთ-ერთმა ყმაწვილმა.
  • აბა მაჩვენეთ, შევამოწმებ და ღირებულების ნახევარს გადაგიხდით- უპასუხა იუველირმა
  • რატომ ნახევარს ჩვენი სამკაულები ძალიან ძვირფასია და გასაყიდი ღირებულების 90 % უნდა გადაგვიხადოთ, იშვიათი დიზაინის და ძალიან ძვირფასი სამკაულებია – უპასუხა თავდაჯერებულმა ახალგაზრდა კაცმა და ჯიბიდან ამოიღო ცხვირსახოცში შეხვეული ნაქურდალი და გაუწოდა იუველირს. იუველირმა დახედა სამკაულებს და თქვა:
  • მართლაც ლამაზი დიზაინია, ვნახოთ შევამოწმებ სპეციალურ აპარატზე და ფასზეც მოვილაპარაკებთ – უთხრა იუველირმა.

დაიმედებულმა ბიჭებმა გაუღიმეს ერთმანეთს და გონებაში იმაზე ფიქრი წარმოუდგათ თუ რამდენი რამის ყიდვას შეძლებდნენ აღებული ფულით. იუველირს ცოტა შეაგვიანდა, როცა კარში შემოაბიჯა ყმაწვილები შეეგებენ.

 

  • აბა ბიძია რას იტყვით როგორ შეაფასებთ დედაჩემის ნაქონ სამკაულებს – იკითხა ქურდმა.
  • შვილო ეს სამკაულები ყალბია და არცერთი მათგანი არაა ოქროსი  – უპასუხა იუველირმა.
  • კი მაგრამ როგორ ნამდვილად ოქროსია – უპასუხა გაოგნებულმა ბიჭმა და გადახედა მეგობრებს.
  • არა შვილო ჩემი ოქროს შესამოწმებელი აპარატის გარდა, სხვა ოქრომჭედლების აპარატებზეც შევამოწმეთ. ერთი შეხედვით შეიძლება ვერ მიხვდე, მაგრამ ნამდვილად ყალბია. თანაც ყველა მათგანი და მათი ღირებულება ჯამში 50 ლარსაც არ შეადგენს – უპასუხა იუველირმა სახტად დარჩენილ ყმაწვილებს.
  • კი მაგრამ ახლა რაღა ვქნათ, ნუთუ სულ ტყუილად გავისარჯეთ- თქვა ბიჭმა.
  • რას გულისხმობთ – უპასუხა იუველირმა.
  • არაფერს. კარგად იყავით ჩვენ წავალთ – უპასუხა ახალგაზრდა კაცმა.
  • კარგად იყავით – დაემშვიდობა იუველირმა და ყალბი სამკაულები გაუწოდა ბიჭებს. ბიჭებმა გაბრაზებული, გაოცებული და ამავე დროს დამწუხრებული სახით გამოართვეს იუველირს ყალბი სამკაულები და გზას გაუდგნენ.

მთელი გზა ფიქრობდნენ გაწბილებულები ქურდები, თუ  რა ფუჭად ჩაიარა მათმა მცდელობამ და ხმამაღლაც ვერაფერს ამბობდნენ სხვების გასაგონად სოფელში. ხალხს ისევ ეგონა რომ გლეხის ოჯახმა უცებ ნანახი სიმდიდრე უცებვე დაკარგა. გოგონამ გადაწყვიტა ოჯახისთვის სიმართლე გაემხილა და დაემშვიდებინა. მართალია ოჯახი ძალიან დამწუხრდა რომ მათი სასიძო სულაც არ აღმოჩნდა მდიდარი ყმაწვილი, მაგრამ შვილს უთხრეს, რომ პატიობდნენ ტყუილს, რადგანაც თავს დამნაშავედ თვითონაც თვლიდნენ. ისინი შვილს გამუდმებით სიმდიდრის ძიებას ჩასჩიჩინებდნენ და მიხვდნენ, რომ თვითონ უბიძგეს გოგონას ამ ტყუილისკენ.

  • მაპატიე მამა- უთხრა აცრემლიანებულმა შვილმა
  • შენც გვაპატიე შვილო, ჩვენც დავაშავეთ- უპასუხა მამამ
  • ალბათ არ უნდა გაგვეზარდე სიმდიდრის წყურვილში, ალბათ მაგიტომაც მოგვატყუე, ჩვენც არ ვყოფილვართ მდიდრები და გვინდოდა შენ მაინც დაგეღწია თავი გაჭირვებისგან, თუმცა ახლა ვხვდები ფულის გარეშეც შეიძლება იყო ბედნიერი, მე და მამაშენს ფული არასდროს გვქონია ბევრი, მაგრამ ერთმანეთი უფულოდაც გვიყვარდა, ასე რომ თუ იმ ყმაწვილს მართლაც ძლიერ უყვარხარ უფულოდაც შეძლებთ იყოთ ბედნიერები – უთხრა დედამ შვილს და ჩაეხუტა.
  • რა ვქნათ, სოფელში რომ ამ ამბავს გაიგებენ-იკითხა გოგონამ
  • არაფერიც არ ვქნათ, არ არის აუცილებელი ყველამ გაიგოს – თქვა დედამ და გაიღიმა.
  • უკვე გაგვქურდეს და დაე ეგონოთ, რომ სიძისგან მოტანილი ოქრო წაგვართვეს, დაე თანასოფლელებმა იფიქრონ, რომ შენი საქმრო მდიდარია- უთხრა მამამ გოგოს და ხმამაღლა გადაიხარხარა.
  • როგორც თქვენ იტყვით, ისე მოვიქცევი- თქვა გოგონამ და ორივე მშობელს ჩაეხუტა.

 

ასე დასრულდა ეს ამბავი. ცოდვა გამხელილი სჯობიაო და გაამხილეს ცოდვა, ქურდს ნაქურდალი არ შეერგო და მატყუარას ტყუილი არ გაუმართლდა. თუმცა ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს…

 

 

 

 

 

05-02-2018

 

ზღვასთან გამხელილი აღსარება

მე ევა ვარ…

ქალი, რომელიც სამოთხიდან დაბადებამდე გამოაძევეს. მე იქ არასოდეს მიცხოვრია.

ჩემი ცხოვრების განვლილი გზა ჯოჯოხეთისა და სამოთხის ამქვეყნიურ გასაყარზე გადიოდა, რომელსაც ხშირად თან სდევდა ეშმაკისეული ცდუნებები, თუმცა მე ყველა ამქვეყნიური ცდუნების მიღმა დავრჩი იმ თავშეკავების გამო, რომელიც ბუნებამ მარგუნა.

მე ევა ვარ.

და მე მოვკვდი.

მოვკვდი, სწორედ მაშინ, როცა უნდა მეცოცხლა…

მისი ქორწინების დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება ორად გაიყო, მანამდე და მის შემდეგ ნაწილებად. იმ დღეს რომ გადავრჩი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სამუდამოდ მოვკვდი, გარდავიცვალე, ფერი ვიცვალე…

მე ის ვეღარასდროს ვიქნებოდი რაც მანამდე ვიყავი და აღარც ვყოფილვარ ისეთი, მას შემდეგ აღარ მიცხოვრია არცერთი წუთი სევდის გარეშე. ის არ მტოვებდა მარტოს და მეც ვერ დავაღწიე თავი მას, თუმცა ყოველთვის მინდოდა ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი, რომელიც მასშტაბით სქელტანიან წიგნსაც აჭარბებდა ისე გადამეშალა და დამეკუწა, რომ მისგან ცეცხლში დაწვის შემდეგ ფერფლიც არ დარჩენილიყო.

სამწუხაროდ ცხოვრება ასეთია, არაფერი არ ხდება ისე ადვილად, როგორც ადამიანს სურს. ამბობენ ბედისწერას თავად ადამიანი ქმნისო, ზოგი უფალს მიაწერს მის შექმნას, არ ვიცი ჭეშმარიტება სადაა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ადამიანი ბევრ რამეს თვითონ არ ირჩევს, ის დაბადებიდან თითქოს თავისუფალი, მაგრამ პირველივე წუთიდან უფლებებდაკარგულია, ის პირველ არჩევანსაც არ აკეთებს თვითონ, არამედ წინასწარ დაწესებული, უკვე განსაზღვრული წესისამებრ, მისთვის შერჩეულია მშობლები, და-ძმა, სახლი, სადაც უნდა იცხოვროს და დაბადება, ახალ სამყაროსთან მისდაუნებურად შეხვედრა.

ამ ფურცლებზე სრული თავისუფლებით ვეცდები, ყველაფერი ღრმად და გულწრფელად მოვყვე, როგორც შავ ზღვასთან, ლურჯად მოლივლივე ტალღებთან საუბრისას.

ზღვას შეუძლია იყოს ძალიან საშიში, დაუნდობელი, ის ამავედროს ძალიან ეხმარება ადამიანს გადააქციოს მისგან წამოსული სევდა მის უსასრულობაში მოქცეულ წვეთ არარაობად.

არცერთ ადამიანთან არ მიგვრძნია თავი ისე კარგად, როგორც ბუნების ამ ყველაზე ცოცხალ ორგანიზმთან, რომელიც ხასიათს ხშირად იცვლის. ხან ყვირის, ხან მშვიდია, ხან ტირის, ხანაც ისეთია, რომ სიტყვებისთვის ძნელია გამოხატონ მისი მდგომარეობა და რაც მთავარია გულწრფელია. მას თანაგრძნობის უნარიც აქვს, ისე როგორც ცხოველს, მაგალითად ძაღლს, რომელიც საშიშთან ერთად შეიძლება ძალიან კეთილიც იყოს. ყველაფერში მიზიდავდა ეს ორი უკიდურესობა, ყოფილიყო, რაღაც ძალიან საშიში და ამავედროს ძალიან კარგი, სწორედ ასეთი იყო ბევრი რამ და ბევრი ვინმე ჩემს ცხოვრებაში. რაც მთავარია ეს საშიში ჩემთვის საინტერესოდ გადაიქცეოდა და შიშის გაელვებაც კი არ მქონია ამის გამო. თუმცა როგორც ყველას მეც მეშინოდა, მეშინოდა იმის რა პასუხიც იმ დღემ არგუნა, ჩემს ცხოვრებას, რის გამოც ისეთი ვეღარ ვიქნებოდი, როგორიც მანამდე.

შეგროვილი ლოცვა

ეს მოხდა ერთხელ
დიდი ხნის წინათ…

 

ერთხელ მშრალ ხიდზე მიმავალს რომანტიკული განცდებით მოსიარულე ახალგაზრდას გალაქტიონი წარმომიდგა თვალწინ, რომელიც სასმელისთვის ფულს მთხოვდა, ეს საქციელი მას ამცირებდა ერთგვარად თუმცა იწვევდა ღრმა პატივისცემის გრძნობასაც ამავე დროს ჩემში. ეს არ იყო ნამდვილი გალაქტიონი, ის იყო ჩვეულებრივი მოხუცი ბაბუა, მოგრძო წვერით, სასიამოვნო მანერებით და არაჩვეულებრივი აურით, რომელმაც ჩემი ხელი აიღო, ეამბორა და დამლოცა. ხურდა მთხოვა, ხურდა გავუწოდე არა როგორც მოწყალება, არამედ როგორც მადლობის ნიშანი, იმ აურისთვის რომელიც მან მშრალ ხიდზე მიმავალი სტუდენტი გოგონას ირგვლივ მოაბნია და გზა, რომელსაც სულ საყვარელი ქალაქის მონატრებისგან გამოწვეული სევდით სავსე გადიოდა, უფრო ნათელი და ლამაზი წარმოუჩინა, საიდანაც მტკვარი და სამება ერთ არეალში ულამაზეს ნახატს წააგავდა. თითქოს ყველანაირი სიწმინდე ერთად  გოგონაში და  მოხუცში იყო თავმოყრილი და ეს ნათელი აცისკროვნებდა იმ წუთას მათ შორის შექმნილ და ამავდროულად არარსებულ „მისტიურ“ პოეტურ სამყაროს.